Hbo-მ გახმაურებული სერიალების პრემიერის თარიღები დააანონსა. მათ შორის არის Euphoria-ც, რომლის ახალი, მესამე სეზონის პრემიერის თარიღი უკვე ცნობილია. როგორც  HBO-ს ხელმძღვანელმა,  ქეისი ბლოისმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, სერიალი 2025 წელს გამოვა. Euphoria-სთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ House of the Dragon-ის მეორე სეზონი 2024 წლის ზაფხულის დასაწყისში გამოვა, The White Lotus-ის მესამე სეზონის პრემიერა 2025 წლამდე გადაიდო, ხოლო Last Of Us-ის მეორე სეზონს მაყურებელი ასევე 2025 წელს იხილავს. 

დაანონსებული თარიღები იმის მანიშნებელია, რომ HBO-ს სერიალების სეზონებს შორის მონაკვეთი სულ უფრო იზრდება. მაგალითად, Euphoria-ს მეორე სეზონი 2022 წლის თებერვალში ვიხილეთ. 

Euphoria-ს პრემიერა 2019 წელს შედგა. სერიალი საშუალო კლასის წარმომადგენელი ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ გვიყვება. სიუჟეტი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, მენტალური აშლილობები და ასე შემდეგ. მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. სხვადასხვა საკვანძო გმირის პერსონაჟებს განასახიერებენ ჰანტერ შეფერი, ალექსა დემი, სინდი სვინი, ჯეიკობ ელორდი და სხვები. 

რაც შეეხება Euphoria-ს მესამე სეზონის სიუჟეტს, მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით ის, რომ ახალ ეპიზოდებში აღარ გამოჩნდება კეტის პერსონაჟი, რადგან მსახიობმა ბარბი ფერეირამ შოუ დატოვა. ვრცელდება ხმები, რომ ბარბის სერიალის შემქმნელთან, სემ ლევინსონთან ჰქონდა უთანხმოება.

ასევე მინიშნების სახით ვიცით, რომ მესამე სეზონში ზენდეიას პერსონაჟი მაყურებლის წინაშე დიდი ტრანსფორმაციით წარდგება. აღნიშნულის შესახებ თავად მსახიობმა განაცხადა. მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონში მთავარი გმირი რუ ნარკოდამოკიდებულებას ამარცხებს.