დენიელ როუზბერის კრეატიული დირექტორობით Schiaparelli-ს ჩვენებები ნამდვილ სანახაობად იქცა. დაუვიწყარი შოუები, რომლებსაც ის აწყობს მოდის კვირეულებზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ხდება. პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე Petit Palais-ის მუზეუმის ნაცვლად, ლოკაციად Hôtel Salomon de Rothschild-ის ქვედა სართული შეირჩა. კოლექცია მოდის სახლის დამაარსებელს და მის ხელახლა დაბადების უნარს მიაგებს პატივს. ჩვენების ჩანაწერებში დიზაინერმა ელზა სკიაპარელი “დიდებულ ენიგმად” მოიხსენია, რომელიც თავისი თავისუფლების გამო სხვებს აოგნებდა. “მინდოდა ხალხს ეგრძნო, რომ კოლექციის რეფერენსი განსხვავებული დრო იყო… 1950-იან წლებთან დაკავშირებით იყო რაღაც ახალი და მარტივი… იმ პერიოდის სილუეტებთან კავშირს აღმოაჩენთ,” – განაცხადა დენიელმა.
ჩვენების ჩანაწერი
ჯორჯო არმანიმ საზოგადოებას მორიგი შთამბეჭდავი კოლექცია შესთავაზა. Armani Privé-ს ოტ კუტიურ ჩვენებაზე შემოთავაზებული ნამუშევრები მარგალისტისფერი, მარგალიტისებრ ტექსტურებში გადაწყვეტილი და მარგალიტებით გაწყობილი იყო. ლეგენდარული დიზაინერის აზრით, მსოფლიოში სიმშვიდე აღარ სუფევს და მან აქცენტი მარგალიტზე გააკეთა, რაც ისტორიულად მთვარესთან, წყალთან, სიბრძნესთან, სიწმინდესთან და სიყვარულთან ასოცირდება. ჩვენებაზე 89 ლუქი იყო წარმოდგენილი, მსუბუქი, დახვეწილი, ფემინური და ელეგანტური.
ჩვენების ჩანაწერი
Balenciaga-ს ახალმა ოტ კუტიურ კოლექციამ ცხადყო, რომ მოდის სახლში დემნას ექსპერიმენტები გრძელდება. ქართველმა დიზაინერმა Balenciaga-ს კოდები და საკუთარი თანამედროვე, ყოველდღიური ჩაცმულობა ერთმანეთს შეუთავსა. მან ოტ კუტიურის მკაცრ ჩარჩოებში ტანსაცმლის შექმნის ამ უმაღლესი ფორმისთვის უჩვეულო სუბკულტურებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა, გოთების, სკეიტერების თუ მეტალჰედების სტილი მოაქცია. დემნამ კოლეციას “ხიდი” უწოდა, რომელიც მის პერსონალურ სტილსა და Balenciaga-ს მემკვიდრეობას შორის არის გადებული.
ჩვენების ჩანაწერი