ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-8 ივლისს არის დაგეგმილი, ბრენდებს ფიზიკური ჩვენებების ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გამართვის საშუალება მიეცემათ. ინფორმაციას პარიზის მოდის კვირეულის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი FHCM ადასტურებს.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო გასულ წელს პარიზში ქალის, მამაკაცისა და ოტ კუტიურ მოდის კვირეულები თითქმის მთლიანად ციფრულად ჩატარდა. ამჯერად მოდის სახლებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდნენ, თუმცა ამისთვის დაწესებული ლიმიტებისა და შეზღუდვების მკაცრად კონტროლი მოუწევთ.

FHCM-ის გასულ კვირას გაკეთებული განცხადებით, ბრენდები თავიანთ ჩვენებებზე სტუმრების მიწვევას 22-27 ივნისს დაგეგმილ მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებშიც შეძლებენ, ამ შემთხვევაშიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნორმების დაცვით.

Valentino Fall 2020 Couture
© Valentino

შეგახსენებთ, მომავალ Haute Couture კვირეულის ფარგლებში იგეგმება დემნა გვასალიას პირველი ოტ კუტიურ ჩვენება ბალენსიაგასთვის, რომელიც ასევე იქნება ფრანგული მოდის სახლის პირველი HC ჩვენება 1968 წლის შემდეგ.