დღეიდან Harrods-ის სტუმრებს საშუალება აქვთ ეწვიონ კაფეს, რომელიც იტალიურმა მოდის სახლმა Prada-მ გახსნა. სახელგანთქმული უნივერმაღის პირველ სართულზე განთავსებული სივრცის ინტერიერი Prada-ს ყველაზე ცნობილი მაღაზიებით არის შთაგონებული, მათ შორის1913 წელს ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეაში გახსნილი პირველი ბუტიკით. შავ-თეთრი ჭადრაკისებური იატაკი ბრენდის მონოქრომულ ნამუშევრებს ეხმიანება. კაფეში დომინანტი ფერი კი ღია მწვანეა, რომელშიც გადაწყვეტილია ყვავილების მოტივებით გაფორმებული კედლები, ჭერი, ხავერდის დივნები და სავარძლები.

© Prada

კაფის მრავალფეროვანი მენიუ მოიცავს როგორც საუზმეს და მსუბუქ ლანჩს, ისე საღამოს კოქტეილებს. Prada Caffè იმ ადამიანებს, რომლებსაც დროის სასიამოვნოდ გატარება იტალიური მოდის სახლისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროში სურთ, 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მარტის დასაწყისში Prada Group-მა გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც Prada-ც და Miu Miu-ც სოლიდურ პოზიციაში იმყოფება. 12 თვის განმავლობაში, კომპანიის წმინდა მოგებამ 465 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 58%-იანი ზრდაა 2021 წელს დაფიქსირებულ შედეგთან – 294 მილიონ ევროსთან შედარებით, ხოლო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 4,2 მილიარდ ევროს მიაღწია.