28 წლის ბრიტანელმა დიზაინერმა ჰარის რიდმა ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში თავისი ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა. კოლექციის შესაქმნელად დიზაინერმა მეორადი ქსოვილები გამოიყენა. ის თვეების განმავლობაში მეორად მაღაზიებში ეძებდა კოლექციისათვის უნიკალურ მასალას. კოლექციაში ვხვდებით ისეთ მოდელებსაც, რომლებიც საუკუნეების წინანდელი მაგიდის გადასაფარებლისაგან, ან ფარდისაგან შეიკერა.

როგორც დიზაინერმა მოდის პრესასთან საუბრისას აღნიშნა, ეს უნიკალური ქსოვილები წლების განმავლობაში ყველასათვის შეუმჩნევლად ინახებოდა ძველმანების მაღაზიებში. ამ კოლექციით ჰარის რიდმა მდგრადი მოდისადმი თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენა. 

კოლექცია მხოლოდ 14 ლუქისაგან შედგებოდა. ჰარის რიდის თქმით, მან ქსოვილებს სილუეტების საშუალებით ლაპარაკის საშუალება მისცა. როგორც მან განმარტა, სწორედ ქსოვილებმა უკარნახა ფორმები. 

ჰარის რიდი 2022 წელს Nina Ricci-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.