14 მაისს Netflix-ის ახალი პროექტის, HALSTON-ის პრემიერა შედგა. სერიალი ამერიკელი დიზაინერის, როი ჰალსტონის, ცხოვრებასა და კარიერას ეძვღვნება. მასში მთავარ როლს ევან მაკგრეგორი ასრულებს. Ryan Murphy-ის პროდიუსერობით და Daniel Minahan-ის რეჟისორობით გადაღებულ ნამუშევარში ასევე ვხვდებით: Krysta Rodriguez-ს Liza Minnelli-ის როლში, Rebecca Dayan-ს, როგორც Elsa Peretti-ს და Gian Franco Rodriguez-ს, რომელიც ჰალსტონის ხანგრძლივ პარტნიორ Victor Hugo-ს განასახიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალით ჰალსტონი მისი გარდაცვალებიდან სამი ათწლეულის შემდეგ კიდევ ერთხელ ხდება საზოგადოების განხილვის საგანი, დიზაინერის ოჯახის წევრებს პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, სერიალი ჰალსტონის შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის და სერიალზე მუშაობისას არც ‘ჰალსტონის არქივებთან’ და არც ოჯახთან კონსულტაცია არავის გაუვლია.
HALSTON მოდის დიზაინერის შესახებ გადაღებული ერთადერთი ნამუშევარი არ არის, რომლის მიმართაც უახლოეს წარსულში ოჯახის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. რამდენიმე კვირის წინ გუჩის შთამომავლებმა რიდლი სკოტის ფილმი – House of Gucci, რომლის პრემიერაც ნოემბერში იგეგმება, იმედგაცრუებად და შეურაცხყოფად მოიხსენიეს.
“ჩვენ ნამდვილად იმედი გაგვიცრუა ამ კინოპროექტმა. ამას მთელი ოჯახის სახელით ვამბობ,” – აღნიშნა პატრიცია გუჩიმ. “ისინი ოჯახის იდენტობას იპარავენ, რათა ჰოლივუდურ სისტემაში კომერციულ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ პირადი სივრცე გაგვაჩნია, ღიად საუბარი შეგვიძლია, თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს.”
როის ოჯახის წევრები თავიანთ განცხადებაში სერიალს “მოდის სახელგანთქმული დიზაინერის, ჰალსტონის, არასწორ, შეთხზულ აღწერად” მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ მისი პიროვნებისა და დატოვებული მემკვიდრეობის შესახებ ერთადერთი ზუსტი და სრულყოფილი წყარო არის – The HALSTON Archives.
HALSTON – ოფიციალური ტრეილერი