პრემიუმ outerwear კომპანიამ Canada Goose-მა მოულოდნელი სიახლე გაავრცელა, მათ პირველად აიყვანეს კრეატიული დირექტორი და მისი სახელი ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა – კოლუმბიელი-ფრანგი დიზაინერი ჰაიდერ აკერმანი.
აკერმანი ცნობილია საკუთარი სახელობის დამოუკიდებელი ბრენდით, რომელიც მან 2011 წელს დააარსა. შეგახსენებთ, რომ აკერმანი ჯონ გალიანოს შემცვლელად განიხილებოდა Dior-ში, თუმცა მან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. 2010 წელს კარლ ლაგერფელდმა ინტერვიუში აკერმანი მისი შემცვლელისთვის იდეალურ კანდიდატად მოიხსენია.
აკერმანი პარიზშია დაფუძნებული და, როგორც Canada Goose-ის გენერალურმა დირექტორმა, დანი რეისმა განაცხადა, ის პარიზში დარჩება და ისინი ერთად “განსაზღვრავენ ბრენდის ახალ ერას.”
“Canada Goose-მა შეძლო არა მხოლოდ ახალი კატეგორია შეექმნა, არამედ შეენარჩუნებინა უნიკალური რეპუტაცია და უკომპრომისობა მიზნების მიღწევის პროცესში. კომპანიის გავლენა მსოფლიოზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და შთამაგონებელია,” ნათქვამია ჰაიდერ აკერმანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლის აღსანიშნავად, აკერმანმა Canada Goose-ისთვის სპეციალური კაპიუშონიანი ზედების კოლექცია შექმნა, რომლის გაყიდვებიდანაც შემოსავალი არაკომერციულ ორგანიზაციას Polar Bears International-ს (PBI) გადაერიცხება. დიზაინერმა კამპანიისთვის აქტივისტი და მსახიობი ჯეინ ფონდა შეარჩია.
სპორტული outerwear-ი ჰაიდერ აკერმანისთვის უცხო ინდუსტრიაა, ის ცნობილია ავანგარდული, ლაქშერი დიზაინებით, თუმცა აღსანიშნია, რომ აკერმანის ბრენდი პანდემიის შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშეა. ოფიციალური საიტი 2021 წელს დაიხურა და მას შემდეგ, მის ნამუშევრებს მხოლოდ ცნობილი კლიენტები, ტილდა სვინტონი და ტიმოტი შალამე ატარებენ. სპორტულ ბრენდებთან ჰაიდერს გადაკვეთა მხოლოდ 2022 წელს ჰქონდა, როცა მან Fila-სთან კოლაბორაციული კოლექცია შექმნა.
რაც შეეხება Canada Goose-ს, მათ უთანამშრომლიათ ისეთ ლაქშერი ბრენდებთან, როგორებიცაა Marc Jacobs, Y/Project, Junya Watanabe და Vetements. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიდი დიზაინერი მათ კრეატიულ დირექტორად ინიშნება.