ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსმა დამ, დიზაინერმა ალანა ჰადიდმა პალესტინური კინოკომპანია Watermelon Pictures წარადგინა. როგორც კომპანიის აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის დამოუკიდებელი კინოსტუდია, რომელიც კინოწარმოებაზე, დისტრიბუციასა და კინოპროექტების დაფინანსებაზე იქნება ფოკუსირებული.
სტუდიის პირველი პროექტი დოკუმენტური ფილმი Walled Off იქნება, რომელიც ცნობილო პალესტინური სასტუმროს Walled Off Hotel-ის შესახებ არის. ეს სასტუმრო ანონიმური არტისტის Banksy-ის მიერ არის დაფინანსებულო და სწორედ მასვე ეკუთვნის დიზაინი. ფილმში ასევე ნაჩვენები იქნება ადგილობრივი პალესტინელების ცხოვრება და ამ რეალობის კვალდაკვალ რა როლი აქვს პროტესტის მოქმედებითი ფორმით გამოხატვას.
Walled Off-ის შემქმნელი ვინ არფუსოა. არფუსო პალესტინური და იტალიური წარმომავლობის რეჟისორია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სცენარის პროდიუსერები არიან ჰადიდების ძმა – ანვარ ჰადიდი, Pink Floyd-ის როჯერ უოტერსი და ნელსონ მანდელას შვილიშვილი – კუეკუ მანდელა. ფილმის პრემიერა 2024 წლის 3 მაისს შედგება.
კინოსტუდიის განცხადების მიხედვით, Watermelon Pictures-ის მიზანია, აჩვენოს პალესტინური კულტურის სახე და მისი მედგარი ხასიათი.