მაისში, Gucci-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ განაცხადა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, იტალიური ბრენდი სეზონურობას ემიჯნება და “Pre, Resort, Cruise” ჩვენებებს აუქმებს. შედეგად, Gucci-ს შოუების რაოდენობა, ერთ წელიწადში, ხუთიდან ორამდე შემცირდა. ბრენდს მონაწილეობა არ მიუღია 2021 წლის “S/S” მოდის კვირეულში, რომელიც სექტემბერში გაიმართა.

„ვაპირებ, რომ სეზონურობის და ჩვენებების გამართვის ეს გაცვეთილი რიტუალი მივატოვო, რათა ჩემს ექსპრესიულ გაცხადებასთან უფრო ახლოს მდგომ ახალ რიტმს ავყვე.“ – აღნიშნა ალესანდრო მიკელემ.

ნოემბრის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ალესანდრო Gucci-ს ახალ კოლექციას 7 სერიანი ფილმის სახით წარადგენდა. ახალ ფორმატს #GucciFest უწოდეს.

ალესანდრო მიკელე #GucciFest-ის გადასაღებ მოედანზე.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #GucciFest-ის შესახებ:

“GucciFest” – 7 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, ისე, როგორც კინოფესტივალებზეა მიღებული. პირველი ეპიზოდის პრემიერა 16 ნოემბერს შედგა, ხოლო ბოლო, მე-7 სერია 22 ნოემბერს გამოქვეყნდა. სერიები გადაღებულია რომში.

მინი-სერიები გენდერული საკითხების გარშემო ვითარდება. მონაწილე არტისტებიც შესაბამისად არიან შერჩეული.

გასულ კვირას, ჰარი სტაილსი გახდა პირველი მამაკაცი, რომელიც ამერიკული ვოგის სოლო ყდაზე დაიბეჭდა, თუმცა ამ ფაქტის გარდა, განხილვა გამოიწვია ჰარის ჩაცმულობამ. მუსიკოსი მოდის ბიბლიის ყდაზე და ედითორიალში გუჩის კაბით პოზირებს. ალესანდრო მიკელესთან თანამშრომლობით ჰარი გენდერულად ნეიტრალური სტილის აქტივისტი გახდა. აქედან გამომდინარე, მისი გუჩის ახალ პროექტში ხილვა, რომელიც სწორედ გენდერული თემებით ინტერესდება, მოსალოდნელი იყო. იგივეს თქმა შეგვიძლია Silvia Calderoni -ზე და Billie Eilish -ზე, რომლებიც, ჰარის მსგავსად, აქტიურად არიან ჩართულნი ყველა დიალოგში, რომლებიც ჩაცმის სტილში გენდერული კოდების გამოწვევას და მოშლას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ბილი ეილიში, რომელიც Gucci -ს სახეებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, მე-5 ეპიზოდში, ახალი ჰიტის, Therefore I Am – ის ფონზე ჩნდება.

მას შემდეგ, რაც Gucci -ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი იტალიელი დიზაინერი, ალესანდრო მიკელე გახდა, ბრენდის ესთეტიკა რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად უდიდესი კომერციული წარმატებისა, მიკელეს ხედვას ხშირად აკრიტიკებდნენ. როგორც არა ერთი პატივსაცემი ჟურნალისტი აღნიშნავს, “Gucci by Alessandro Michele“ არ არის თანამედროვეობას მორგებული და მიკელე უფრო კოსტიუმების დიზაინერია, ვიდრე მოდის. ახალ სერიებში, ალესანდროს ხედვა წარმოდგენილია ყოველდღიურობაში, რაც უჩვეულო შემოთავაზებაა მისგან.

მინი-სერიების რეჟისორი გას ვან სენტია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე კინოსცენარისტი და რეჟისორია. ოსკარზე ორჯერ ნომინირებული რეჟისორი ალესანდრო მიკელეს სურვილით შეირჩა. როგორც დიზაინერმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, გას ვან სენტის შემოქმედებას ახალგაზრდობიდან ადევნებდა თვალს. „მისი ნამუშევრები საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა. მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც მე ვხედავ“, ამბობს ალესანდრო.

მოდის კვირეულებში ცნობილი ბრენდების ჩართულობა განსაკუთრებულ მღელვარებას და ინტერესს იწვევს. გავლენიანი მყიდველების და ჟურნალისტების უმრავლესობა მოდის კვირეულს , მეტწილად, სწორედ აღიარებული ბრენდების სანახავად სტუმრობს. თუ მოდის კვირეულს ეთიშება რომელიმე ცნობილი დიზაინერი, ან ბრენდი, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ახალგაზრდა სახეებზეც, რადგან ნაკლები დიდი მოდის სახლი კვირეულში, აგრეთვე ნიშნავს, ნაკლებ გავლენიან „ბაიერს“ და რედაქტორს ქალაქში. ვინაიდან Gucci-მ სექტემბერში მილანის მოდის კვირეული გამოტოვა, ალესანდრო მიკელემ გადაწყვიტა, რომ ახალი პლატფორმა დამწყები დიზაინერებისთვისაც გაეზიარებინა. ყოველი ეპიზოდის შემდეგ, გუჩის მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე, GucciFest.com-ზე ახალგაზრდა ბრენდების ფილმები გადიოდა. შერჩეულ ახალგაზრდებში 15 ბრენდი მოხვდა, მათ შორის:  Bianca Saunders, Mowalola, Stefan Cooke, Jordan Luca.