Gucci-ის და The North Face-ის თანამშრომლობა ჯერ კიდევ სექტემბერი დაანონსდა, თუმცა შედეგის ხილვა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. ძიების, თავგადასავლის, თვითშემეცნების იდეებით შთაგონებული კოლექცია მოიცავს ყველაფერს – დაწყებული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, დამთავრებული კარვებითა და საძილე ტომრებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გუჩისთან არაერთ დიზაინერს და არტისტს უთანამშრომლია, მათ შორის Dapper Dan-ს, GucciGhost-ს, Ken Scott-ს და ა.შ. ალესანდრო მიკელეს შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა იტალიური მოდის სახლი კოლექციის შესაქმნელად პირდაპირ თანამშრომლობს სხვა ბრენდთან. რაც შეეხება The North Face-ს, მისთვის კოლაბორაციები უცხო არ არის. წლების განმავლობაში The North Face კოლექციებს Supreme-სთან, Junya Watanabe-სთან, Sacai-სთან, MM6 Maison Margiela-სთან და სხვა არაერთ ბრენდთან ერთად ქმნიდა.

ახალი კოლექციის გამპანია Daniel Shea-მ ალპებში გადაიღო. ფოტოებზე, ვიდეოში თუ TikTok-ისთვის შექმნილ კონტენტში, ჩვენ მოლაშქრეთა ჯგუფს ვხედავთ, რომლებიც ბუნებაში დროს სასიამოვნოდ ატარებენ. კამპანია თავისი რეტრო ელემენტებით სამოცდაათიან წლებთან დაკავშირებულ განწყობას გვიქმნის.

კოლექცია პატიავს მიაგებს ორივე ბრენდის მემკვიდრეობას. საგარეო ტანსაცმელი The North Face-ის სამოცდაათიანი წლების ორიგინალ დიზაინს ეფუძნება.  გარკვეულ ნაწილებზე, მათ შორის მაისურებსა და ქურთუკებზე, ვხვდებით Gucci x The North Face ლოგოს. კოლექცია ასევე მოიცავს ნეილონის პერანგებს, ქვედაბოლოებს, ქარისგან დამცავ ქურთუკებს და ა.შ. გენდერ-ნეიტრალური სალაშქრო ფეხსაცმელი თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი გამორჩეული დიზაინია, რომელსაც სამ ფერში ვხვდებით: შავში, ყავისფერსა და კრემისფერში. ჩანთებზე წარმოდგენილია ახალი გრაფიკული პატერნებიც. აღსანიშნავია, რომ ისინი მოიცავს მდგრად ელემენტებსაც და დამზადებულია Econyl-ის გამოყენებით, რაც ოკეანეებიდან ამოღებული თევზსაჭერი ბადეებისა თუ სხვა სამომხმარებლო ნარჩენების გადამუშავებით დამზადებული ნეილონის ქსოვილია.

სამოცდაათიანი წლები კი ის დეკადაა, რომელსაც ეს კოლექცია ეხმიანება. ყველაზე მეტად ამას გამოყენებული ფერები ცხადყოფს.

„მოგზაურობა რომ საკუთარი თავის შესწავლაში გვეხმარება, ეს საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებაა და სწორედ ამ დაშვებით ეთავსება The North Face გუჩის. ადამიანებს ძიებისკენ და თავიანთი ხასიათის და პიროვნულობის გამოხატვისკენ ისიც მოუწოდებს და ალესანდრო მიკელეს მოდის მიმართ არსებულ მიდგომას იზიარებს, რაც მოდის თავისუფლების ძლიერ ინსტრუმენტად წარმოდგენაში მდგომარეობს.“

აღნიშნულია Gucci-ის განცხადებაში

კოლექცია გაყიდვაში თავდაპირველად 29 დეკემბერს პეკინში, pop-up მაღაზიაში გამოვა და ეტაპობრივად მთელ ჩინეთში იქნება მისი შეძენა შესაძლებელი. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი Gucci x The North Face ხელმისაწვდომი იანვრიდან იქნება.