Kering-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შემაჯამებელი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავლებმა აღნიშნულ პერიოდში 9.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველ ნახევრში მიღებულ შემოსავლებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, საოპერაციო მოგება 42%-ით დაეცა და 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
განსაკუთრებით ცუდი შედეგი აჩვენა Gucci-ს გაყიდვებმა, რაც პირდაპირ აისახა Kering-ის მთლიან შემოსავლებზე. იტალიური მოდის სახლის შემოსავლები 20%-ით შემცირდა და გასული წლის მაჩვენებლიდან – 5.6 მილიარდი დოლარიდან 4.4 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, 44%-იანი კლების შედეგად მაჩვენებელმა 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Gucci-ს კრეატიული დირექტორი საბატო დე სარნო და სტუდიის დიზაინ დირექტორი რემო მაჩო სამუშაო პროცესში © Vogue Business / Federico Ciamei
Gucci-ს მაღაზიებში გაყიდვებმა ყველა რეგიონში იკლო, გარდა იაპონიისა, სადაც გაყიდვების 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა იაპონიის წილი მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 9%-ია და ვერ გადაწონის ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების 18%-ით, ხოლო დასავლეთ ევროპაში 15%-ით ვარდნას, რომლის წილიც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს და ვერც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებულ 30%-იან ვარდნას, საიდანაც მოდის სახლის გაყიდვების მესამედი მოდის.
აღსანიშნავია, რომ Gucci “ქერინგის” ყველაზე შემოსავლიანი ბრენდია. 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, იტალიური მოდის სახლის წილი მთლიანი შემოსავლების 45%ს შეადგენს, საოპერაციო მოგება კი 63%-ით განისაზღვრა. Kering-ის შემადგენლობაში ასევე შედის: Balenciaga, Saint Laurent და Alexander McQueen.