ნიუ-იორკში, Meatpacking District-ზე Gucci-ს ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, 2000-იანი წლების Studio 54-ად წოდებულ ლეგენდარულ კლუბ Bungalow 8-ში ისევ იცეკვეს. მისი კარები უკვე ერთ დეკადაზე მეტია რაც დახურულია, თუმცა დიდების პერიოდში Bungalow 8-ს ჯორჯ კლუნიდან დაწყებული, ბილ კლინტონით დამთავრებული უამრავი გავლენიანი და სახელგანთქმული ფიგურა სტუმრობდა.

იტალიურმა მოდის სახლმა განსაკუთრებული საღამოს მოსაწყობად კლუბის დამფუძნებელ ემი საკოსთან ითანამშრომლა, შედეგად Bungalow 8-ის გარეთ საკულტო “No Vacancy” ნიშანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. შიგნით შესულ სტუმრებს სივრცე მასთან ახლოს მდებარე Gucci-ს ახალი მაღაზიის ინტერიერის შესაბამისად გაფორმებული დახვდათ.

ადგილზე თავი ისეთმა ვარსკვლავებმა მოიყარეს, როგორებიც არიან: სიენა მილერი, დეიზი ედგარ-ჯონსი, ფიბი ბრიჯერსი, იმანი, ტომ სტარიჯი, კრის როკი, კარა დელევინი, ჯერემი ო ჰარისი, ალექსა ჩანგი და სხვები. ამ შემთხვევას, რა თქმა უნდა, არც Gucci-ს მფლობელი კომპანია Kering-ის თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო გამოაკლდა, რომელსაც თან მეუღლე სალმა ჰაიეკი და ქალიშვილი ვალენტინა ახლდა.

“ძალიან ამაღელვებელია ამდენი საოცარი სახის ნახვა, მათ შორის ჩემთვის ახალი სახეების, თუმცა მხიარული ხალხის,” – აღნიშნა ემიმ WWD-სთან საუბრისას.