საბატო დე სარნომ Gucci-სთვის ახალი, Resort 2025 კოლექცია ლონდონში, კერძოდ Tate Modern-ის სარდაფში წარადგინა. ბეტონის კედლები ბალახისა და ყვავილების საფარით იყო გაფორმებული, ერთგვარი ბრუტალისტური ბაღის იმიტაციის შესაქმნელად. ბოლოს გუჩის ჩვენება ლონდონში 2017 წელს ალესანდრო მიკელემ ვესტმინსტერის სააბატოში, საოცნებო გარემოში მისთვის დამახასიათებელი დრამატულობით გაიმართა.

დრამა გუშინდელ ჩვენებაზე სტუმართა სიამ შექმნა: დები ჰარი (რომლის Heart of Glass ჩვენების საუნდტრეკი იყო), დემი მური, სოლანჟი, დუა ლიპა, სელმა ჰაიეკი და ფრანსუა პინო, ქეით და ლაილა მოსები, დეიზი ედგარ ჯონსი, ალექსა ჩანგი, პოლ მესკალი, ენდრიუ სკოტი, მარკ რონსონი… მიუხედავად კრეატიული დირექტორის ცვლილებისა, გუჩის A-List მხარდამჭერები კვლავ რჩებიან ჩვენებების წინა რიგებში.

პირველი მოდელი სპირალურ კიბეზე ვინტაჟური სათვალით, მდოგვისფერი პიჯაკითა და ბაფთიანი ბლუზით გამოჩნდა. ნუთუ ნოსტალგია “ძველი გუჩის” მიმართ საბატოსაც აქვს?! მომდევნო ლუქებში ნათელია, რომ ბორდოსფერი და “მიკრო-შორტები” ადგილზეა, თუმცა როგორც ჩანს, იტალიელი დიზაინერი სიახლეებსაც გვთავაზობს: ე.წ. “brothel creeper” ლოფერები თეთრი წინდებით, რა შეიძლება იყოს უფრო ლონდონური?! ალბათ, იისფერისა და მდოგვისფერის შეხამება. ან, უცნაური ჭრის ბაცი ვარდისფერი კაბა და შავი “ბრალეტი”. მაქმანებიანი საცვლები ჩვენებას სხვა ლუქებშიც გაყვა, ისევე, როგორც გამჭვირვალე ორგანზა; ერთ-ერთი ლუქი ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა წარადგინა.

მიუხედავად “შერეული სიგნალებისა”, კოლექციაში რამდენიმე გამორჩეულ მომენტად შეიძლება, მაგალითად, გამხსნელი, ტოტალური ბორდოსფერი ტყავისა და “საოცნებო ჯინსების” ლუქები ჩაითვალოს. კიდევ რისი თქმა შეიძლება ჩვენებაზე, რომლის ყველაზე დასამახსოვრებელი ჯინსისა და თეთრი პერანგის შეხამებაა?!

საბატო ჯერ კიდევ ექსპერიმენტებისა და საკუთარი თავის ძიებაშია, შეიძლება, სწორედ ამიტომაც შეარჩია ლონდონი კოლექციის წარსადგენად – დიდი ბრიტანეთის დედალაქი, ხომ ექსპერიმენტული მოდის ცენტრია. აქვე, ჩვენების ჩანაწერებიდან თუ ვიმსჯელებთ, საბატოსთვის აღნიშნული კოლექციაა ტრილოგიის კულმინაციაა: სურვილი, სენსუალურობა და დუალიზმი.

დუალიზმი, ზოგჯერ, დაბნეულობას იწვევს, ეს უკვე არაერთხელ გვინახავს. თუ კოლექციით ვერა, საბატომ იდეა ჩვენების ლოკაციით გადმოსცა; დუალიზმის ყველაზე საბაზისო მაგალითი, ბუნება და ადამიანი.

იხილეთ ჩვენება სრულად: