“თუ შევძლებთ გვიყვარდეს ყველაფერი, რაც კარგია და ასევე ყველაფერი, რაც ცუდია, მაშინ სიყვარულის უმაღლეს გაგებას მივაღწევთ.”
Gucci Love, Love & Love ახალი ციფრული გამოცემაა, რომელიც სიყვარულის თემაზე Brad Elterman-ის გადაღებული ფოტოების ერთგვარ კატალოგს წარმოადგენს. ფლორენციასა და ნიუ-იორკში შესაძლებელი იქნება მისი ბეჭდური ვერსიის შეძენაც.

ლოს ანჯელესში გადაღებული კადრები სიყვარულის მრავალფეროვნებას ასახავენ. მათზე ვხვდებით შეყვარებულ წყვილებს, სიყვარულის თემის გარშემო გაერთიანებულ მშობლებს, ბავშვებს, ძმებს და დებს. “სიყვარული შენი საუკეთესო მეგობარია,” – გვეუბნება ბრედი, რომელსაც ფოტოზე თავის ძაღლ ჩარლისთან ერთად ვხედავთ.
ბრედი თავისი ფოტოებით დადებით განწყობას ქმნის და გამოცემის თვალიერებისას ჩნდება განცდა, რომ მან კვლავ სამოცდაათიანი წლების როკ’ნ’როლ ცხოვრების სტილი აღბეჭდა, რაც ალესანდრო მიკელეს შემოქმედებამ კიდევ უფრო ფერადი და სახალისო გახადა. გუჩის ამ ახალი პროექტისთვის გამოყენებულია საარქივო მასალაც, რომელიც ასევე ბრედს ეკუთვნის.

ვალენტინობის დღის მოახლოვებასთან ერთად, ფოტოები ბევრისთვის შეიძლება შთაგონების წყაროც გახდეს თუ რა ჩაიცვას იმ დღეს, როცა სიყვარულზე განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ. გუჩი თავის მოხმარებელს ახალ კაფსულა კოლექციასაც სთავაზობს, რომელიც საჩუქრების სპეციალურ სელექციას მოიცავს.