Gucci-ს ახალი კოლექციის ჩვენება 16 მაისს სეულში გაიმართება. იტალიური მოდის სახლი გიონგბოკგუნგის სასახლეში 2024 წლის კრუიზ კოლექციას წარადგენს. საიუბილეო ჩვენება სამხრეთ კორეის დედაქალაქში Gucci-ის პირველი მაღაზიის გახსნის 25 წლისთავს ემთხვევა.

“Gucci ფლორენციაში დაიბადა, ისტორიით, ხელოვნებითა და ოსტატობით გარშემორტყმული და სწორედ აქედან დაიწყო ამ მოდის სახლის მშვენერების ხედვის მთელ მსოფლიოში გავრცელება,” – განაცხადა Gucci-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარკო ბიზარიმ.

იმ ნამუშევრების შექმნაზე, რომლებსაც მომდევნო თვეში დაანონსებულ ჩვენებაზე ვიხილავთ, Gucci-ს დიზაინ გუნდია პასუხისმგებელი. მათ შექმნაში ახლად დანიშნულ კრეატიულ დირექტორ Sabato De Sarno-ს მონაწილეობა არ მიუღია – მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება სექტემბერში გაიმართება.

Gucci შემოდგომა/ზამთარი 2023 © Vogue Australia

აღსანიშნავია, რომ სეულში Gucci-ს ჩვენება გასულ წელსაც იყო დაგეგმილი, რომელიც იტევონის პოპულარულ რაიონში ჰელოუინის დღესასწაულის დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო გაუქმდა. 1 ნოემბერს მოდის სახლს გიონგბოკგუნგის სასახლეში ალესანდრო მიკელეს კრეატიული დირექტორობით შექმნილი “Cosmogonie” კოლექცია უნდა წარედგინა, რომლის ჩვენებაც პირველად 2022 წლის მაისში აპულიაში გაიმართა.