ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Gucci-მ ლონდონში ახალი კონცეპტუალური სივრცე გახსნა. Gucci Circolo – ასე ჰქვია მულტიფუნქციურ დაწესებულებას, რომელიც აერთიანებს ბუტიკს, კაფეს და წიგნების მაღაზიას.
როგორც ცნობილია, კონცეპტუალურ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სპეციალური კოლექციები, რომელთა გამოშვება მოდის სახლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. რაც შეეხება კაფეს, როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შეუქმნის საშოპინგოდ მისულ ადამიანებს, ან უბრალოდ სტუმრებს, რომელთაც განტვირთვა სურთ.
Gucci Circolo მოიცავს მუსიკალურ კუთხესაც – ზონას, სადაც სპეციალურად შერჩეული ვინილები გაჟღერდება. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ზონის მოწყობაზე კურატორების ამპლუაში ჩართული იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, ბილი აილიში, ფლორენს უელში და სხვები.
