2015 წლის იანვარში, როდესაც გუჩის ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა გაირკვა, მსოფილიომ ალესანდრო მიკელე გაიცნო. აღმოჩნდა, რომ ალესანდროს ჰქონდა თავისი, ყველასგან განსხვავებული, უჩვეულო და რომანტიული ხედვა, რომლის გამოყენებითაც წარმოგვიდგინა სრულიად განსხვავებული ახალი გუჩი, რომელიც უამრავი ადამიანისთვის სასურველი გახდა. ის იმდენად ბევრმა აიტაცა, რომ, უეცრად, ალესანდროს გუჩი იყო ყველგან. იმავე წლის ოქტომბრიდან აქტიურად გაისმოდა სახელი – დემნა გვასალია, რომელიც ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. მასაც ალესანდროს მსგავსად ინდივიდუალური ხედვა ჰქონდა, თუმცა მეტად რეალისტური და ბრუტალური. დემნას ორი წლის წინ, თავისი ბრენდი, ვეტმანიც შეექმნა, რომელიც მოდუნებული ინდუსტრიისთვის გამომაცოცხლებელი ჰაერივით იყო. დემნაც საკუთარი წესებით მოქმედებდა, ალესანდროს მსგავსად მოდის სამყაროს განსხვავებული, თავისი იდეებით შექმნილი სამოსი შესთავაზა, რომელმაც ასევე ბევრი მიიზიდა. მოდას სჭირდებოდა სიახლე და 2015 წელს ის ალესანდროს და დემნას სახით მიიღო.
2016 წელს “ნიუ-იორკ თაიმსი” აქვეყნებდა სტატიას, სათაურით – “ეს ორი ბიჭი მოდის მიმართ არსებულ ჩვენს შეხედულებებს ცვლის.” სტატია გუჩისა და ბალენსიაგაში ახლად დანიშნულ კრეატიულ დირექტორებს შეეხებოდა – ალესანდრო მიკელეს და დემნა გვასალიას – რომლებმაც წლების განმავლობაში მოდაში შეუმჩნევლად მუშაობის შემდეგ, ღიად წარუდგინეს გლობალურ საზოგადოებას თავიანთი უკომპრომისო შემოქმედება. და მიუხედავად მათ შორის არსებული თვალსაჩინო განსხვავებებისა, არსებობს მრავალი, უფრო ღრმა მსგავსებები, რომლებიც მათზე ხშირად ერთ კონტექსტში გვალაპარაკებს.
დემნა და ალესანდრო ერთმანეთს პირველად სწორედ “ნიუ-იორკ თაიმსის” აღნიშნული სტატიისთვის შეხვდნენ, მას შემდეგ მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა ამჯერად ეს უპრეცედენტო ფორმით მოხდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ხმები, რომ გუჩის ჩვენებაზე, რომელიც 15 აპრილს გაიმართებოდა, წარმოდგენილი იქნებოდა ბალენსიაგასთან კოლაბორაციით შექმნილი ნაწილებიც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დადასტურებული ჯერ კიდევ არ იყო, ამ თემასთან დაკავშირებით ხმაური გავლენიან გამოცემებშიც ატყდა.
მოდაში თუ რამე აღარავის უკვირს ეს, პირველ რიგში, სიახლეებია კოლაბორაციების შესახებ. ყოველდღიურად ახალი თანამშრომლობის შესახებ გამჟღავნებას იმდენად შევეჩვიეთ, უკვე აღარ გვიკვირს, როცა ერთი ბრენდი მეორე ბრენდთან, დიზაინერთან, სელებრითთან, არტისტთან და ა.შ. თანამშრომლობს. Supreme x Louis Vuitton, Dries Van Noten x Christian Lacroix, Prada x Adidas, Undercover x Valentino … სია ძალიან გრძელია. გუჩისა და ბალენსიაგასგანაც ინდუსტრია განებივრებულია კოლაბორაციებით. გავიხსენოთ, თუნდაც Gucci x North Face ან სულ ახლახანს გავრცელებული Balenciaga x Rammstein. მაგრამ თავისი მასშტაბებით Gucci x Balenciaga მაღალ მოდაში ახალი განაცხადია.
გუჩის მორიგი პრეზენტაცია “Aria”, რომელიც დღეს შედგა, საიუბილეო იყო. მოდის სახლი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ჩვენებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. შოუზე ხმები მაღალი მოდის ორი დიდი ბრენდის კოლაბორაციის შესახებ გამართლდა. კოლექციიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დეტალები იყო “100” და წარწერა “Savoy Club” – იმ სასტუმროს სახელწოდება, სადაც გუჩიო გუჩი მუშაობდა მანამ, სანამ თავისი სახელობის ბრენდს დააარსებდა. ასევე, რა თქმა უნდა, ბალენსიაგასთან თანამშრომლობით შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც ალესანდრო მიკელეს ხელწერით გაფორმებულ დემნა გვასალიას კარგად ნაცნობ და განსაკუთრებით ძლიერ სილუეტებს წარმოადგენდა. შესაძლოა ლოგოები ზედმეტად მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, გუჩისა და ბალენსიაგას კოდების შერწყმა ერთმანეთთან გასაოცრად ჰარმონიულად მოხდა.
Gucci “Aria”