მიმდინარე წლის აპრილში Gucci-ის 100 წლის საიუბილეო ჩვენება გაიმართა. პრეზენტაცია, სახელწოდებით “Aria” მოდაში შეიძლება როგორც ახალი თავის დასაწყისი, ისე შეფასდეს, რადგან მან სრულიად ახალი გზა გაუკვალა კოლაბორაციების სერიებს, რომლებსაც ინდუსტრიაში უკვე ასე ხშირად მისდევენ.
ამ სფეროში თუ რამე აღარავის უკვირს ეს, პირველ რიგში, სიახლეებია კოლაბორაციების შესახებ. ყოველდღიურად ახალი თანამშრომლობის შესახებ გამჟღავნებას იმდენად შევეჩვიეთ, უკვე აღარ გვიკვირს, როცა ერთი ბრენდი მეორე ბრენდთან, დიზაინერთან, სელებრითთან, არტისტთან და ა.შ. თანამშრომლობს. Supreme x Louis Vuitton, Dries Van Noten x Christian Lacroix, Prada x Adidas, Undercover x Valentino … სია ძალიან გრძელია. გუჩისა და ბალენსიაგასგანაც ინდუსტრია განებივრებულია კოლაბორაციებით. მაგრამ თავისი მასშტაბებით Gucci x Balenciaga მაღალ მოდაში ახალი განაცხადია. დაახლოებით ნახევარი წელი აღმოჩნდა საჭირო, რომ მისი ეფექტი თვალსაჩინოდ დაგვენახა, როდესაც 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ისეთმა დიდმა ბრენდებმა, როგორებიცაა – Fendi და Versace მსგავსი ხასიათის საერთო კოლექცია წარმოგვიდგინეს.

Gucci Fall 2021 “Aria” © WWD



“Triple S” sneakers © Gucci
ყველაფერთან ერთად, Gucci x Balenciaga ხმაურიან “ქროსოვერად” იქცა. თანამშრომლობა უამრავი ადამიანისთვის განხილვის საგნი გახდა და გაჩნდა მოლოდინი იმ ნივთების ქონისა, რომლებზეც ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი ალესანდრო მიკელეს და დემნა გვასალიას მოდის სახლებში დამკვიდრებული ხელწერა.
2021 წლის ივნისში Balenciaga-ს ჩვენებაზე – “კლონები,” შემოთავაზებული იყო გახმაურებული “ქროსოვერის” მეორე ნაწილი. “ეს არ არის გუჩის ჩანთა” – ვკითხულობდით შოუზე წარმოდგენილ ერთ-ერთ ჩანთაზე, რომელსაც გუჩის ცნობილი მონოგრამა და პრინტი ფარავდა, მაგრამ იტალიური ბრენდის “GG” ლოგოს ნაცვლად, ბალენსიაგას ‘BB’ – ამშვენებდა. ამ ჩანთის გარდა კოლექციაში წარმოდგენილი აქსესუარების 20%-ს ორივე ბრენდისთვის დამახასიათებელი დეტალები აფორმებდა.

Balenciaga Spring 2022 “Clones” © Buro247
თანამშრომლობის ოფიციალური სახელწოდება არის “Hacker Project” და ის უკვე მაღაზიებში შეგვხვდება. გარდა ბალენსიაგას და გუჩის მაღაზიებისა, კოლექციიდან სასურველი ნივთების შეძენა 15 ნოემბრიდან ორი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებულ ფოფ-აფ მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი.
“კოპირებასთან დაკავშირებით დიდი ფილოსოფიური მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ორი ბრენდის სასაუბრო ენის გაერთიანება მოდის მოყვარულის ოცნებაც არის,” – ამბობს ალესანდრო მიკელე ჟურნალ AnOther-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “შედეგი შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ან ძალიან ლამაზი ექსპერიმენტი. მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ აკრძალულია და როცა ამბობ, რომ რაღაც აკრძალულია, შემოქმედებითობის თვალსაზრისით, ის საინტერესო ხდება.”