მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად უამრავ ფულს კარგავს გადამყიდველებისა და ბაზარზე ყალბი პროდუქტების ბრუნვის გამო. სოციალური მედიის პლატფორმები რეალიზატორებს საშუალებას აძლევს, მსგავს პროდუქციას რეკლამა დაბრკოლებების გარეშე, სხვადასხვა ფორმით გაუწიონ, ამიტომ ამ პრაქტიკასთან ბრძოლა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისათვისაც დღის წესრიგის ნაწილად იქცა.

ახლახანს, მოდის სახლმა Gucci-მ და Facebook-მა ერთობლივი სარჩელი შეიტანეს ერთ-ერთი სელერის წინააღმდეგ, რომელიც სოციალური მედიის არხებს აქტიურად იყენებს ბრენდის ყალბი პროდუქციის რეკლამისათვის. გადამყიდველის დასპონსორებული პოსტები მასშტაბურად და სისტემატიურად ჩნდებოდა ინსტაგრამისა და ფეისბუქის პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ არაერთხელ დაბლოკა მსგავსი ტიპის სარეკლამო მასალა, აღნიშნული სელერი ამ სქემაში სხვადასხვა ანგარიშს იყენებდა.

ჯერ კიდევ 2020 წელს, Gucci-ის მოდის სახლის შესაბამისმა სამსახურმა, სხვადასხვა ვებ-გვერდის და სოციალური მედიის პლატფორმაზე არსებული ანგარიშებიდან, დაახლოებით, 4,1 მილიონი ყალბი პროდუქტის ამოღება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ Facebook არ არის ერთადერთი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოდის სახლებთან და ავთენტურ ბრენდებთან ერთად, ყალბ პროდუქციასთან ბრძოლისათვის სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს. დაახლოებით ექვსი თვის წინ, კომპანია Amazon-მა სარჩელი შეიტანა ორი ინფლუენსერის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ანგარიშებს ისეთი ბრენდების ყალბი პროდუქციის გასაყიდად იყენებდნენ, როგორებიც არის Dior, Chanel და Gucci.
ყალბი პროდუქციის გაყიდვის პრაქტიკა სოციალური მედიის ეპოქამდე დიდი ხნით ადრეც ხშირი იყო. თუმცა, მოდის ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა რეკლამის ფორმა, რომელშიც ბრენდების ავთენტური პროდუქციის ფოტოებია გამოყენებული და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.