იტალიის ისტორიაში 1978 წლის 22 მაისი ცნობილია, როგორც დღე, როდესაც აბორტი კანონით დასაშვები გახდა. ეს თარიღი წარმოდგენილი იყო 2019 წელს გამართულ Gucci-ის 2020 წლის კრუიზულ კოლექციაში, რომელიც ისეთ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა: არჩევანის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და რეპროდუქციული უფლებების ქონის საჭიროება. “ქალები დაფასებულები უნდა იყვნენ… მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ იმის არჩევა, რაც სურთ,” – განახადა კოლექციის ჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ პრეს კონფერენციაზე გუჩის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ. შოუს მსვლელობისას ბლეიზერზე ასევე შეგვეძლო წაგვეკითხა: “ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი.” სამი წლის შემდეგ იტალიური მოდის სახლი ამ მესიჯს კვლავ აჟღერებს, თუმცა განსხვავებული ფორმით.
Gucci Cruise 2020
გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ს უზენაესი სასამართლო მზად არის გააუქმოს 1973 წლის Roe v Wade-ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აბორტის ლეგალიზებას ითვალისწინებს, შედეგად მილიონობით ქალმა ივნისის თვეში შესაძლებელია აბორტის კანონიერი უფლება დაკარგოს. ამ ფაქტს არაერთი დიდი კომპანია გამოეხმაურა – Tesla, Levis Strauss & Co. და Gucci, რომლებიც გეგმავენ, რომ თავიანთი ძალისხმევა ამერიკაში დასაქმებული თანამშრომლების რეპროდუქციული ჯანმრთელობისკენ მიმართონ და ამ მხრივ მათი საჭიროებები დააკმაყოფილონ.
“კომპანია უზრუნველყოფს აშშ-დან ნებისმიერი თანამშრომლის მოგზაურობას, ვისაც ექნება ისეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროება, როგორსაც თავისი მშობლიური შტატი ვერ შესთავაზებს,” – აღნიშნულია გუჩის მოდის სახლის განცხადებაში. “გუჩი მზად არის აშშ-ში თავისი თანამშრომლების დასაცავად, მხარდაჭერისა და საჭირო რესურსების აღმოსაჩენად, როცა მომავალში მიიღება გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა კრიტიკულ ჯანდაცვაზე წვდომა შეზღუდოს.”