12 დეკემბერს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი დაჯილდოების, Golden Globe-ის ნომინაციებზე წარდგენილი მსახიობები და პროექტები გამოავლინა.

ნომინანტებს შორის თანამედროვე პოპ-კულტურის არაერთი რჩეული მოხვდა. მათ შორის არის Zendaya, ემის ორგზის მფლობელი ახალგაზრდა ვარკსვლავი, რომელიც Euphoria-ში შესრულებული როლისათვის ამჯერად ოქროს გლობუსის მოპოვებას შეეცდება.

„ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი კომედიურ ან მუსიკალურ სერიალში“ Golden Globe-ის კიდევ ერთი მთავარი ნომინაციაა. ამ ნომინაციაში წარდგენილ მსახიობებს შორის პირველად მოხვდა Netflix-ის ჰიტად ქცეული სერიალის, Wednesday-ის ვარსკვლავი – ჯენა ორტეგა. ორტეგას ამავე კატეგორიაში კონკურენციას უწევს სელენა გომესი, სერიალში Only Murders in the Building შესრულებული როლისათვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი გომესისათვის საკმაოდ აქტიური და წარმატებული აღმოჩნდა. ნოემბერში, Apple Tv +-ზე მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. Selena Gomez: My Mind & Me – ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა მუსიკალურ ინდუსტრიაში აქტიურად დაბრუნებაც დააანონსა, ახლა კი შესაძლოა მან თავისი პირველი ოქროს გლობუსიც მიიღოს.

ნომინანტებს შორის დასახელდა პოპ-ვარსკვლავი რიანაც, რომელიც წარდგენილია ნომინაციაში – ფილმის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა. რიანამ ნომინაცია მიიღო ფილმში, სახელწოდებით Black Panther: Wakanda Forever შესრულებული კომპოზიციისათვის. ამავე კატეგორიაში ვხვდებით თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ისეთ რჩეულ ვარსკვლავს, როგორიც ტეილორ სვიფტია.

Golden Globe-ის დაანონსებული დაჯილდოება 2023 წლის 10 იანვარს, კალიფორნიაში გაიმართება. ცერემონია NBC-ის და ასევე Peacock-ის ეთერში გადაიცემა. 

ნომინანტების სრული სია იხილეთ ბმულზე.