2019 წელს, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ლუი ვიტონმა თავისი ჩვენებით საფრანგეთის ისტორიის მშვენიერ პერიოდს, Belle Époque-ს, მიაგო პატივი და ფუტურისტული ფორმით წარსულის მიმართ ნოსტალგია გამოავლინა. პრეზენტაცია ლუვრში გაიმართა. გარემო მინიმალისტურად იყო მოწყობილი. მოდელების გამოსასვლელი კარის გარშემო მთელ კედელზე ეკრანი დამონტაჟდა, რომელზეც ტრანსგენდერი მომღერლის, დიჯეისა და პროდიუსერის, SOPHIE-ის, 2017 წელს გამოსული სინგლის, „It’s Okay to Cry”-ის, გახანგრძლივებული ვერსია გაეშვა. მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ნიკოლა ჟესქიერმა ამ მუსიკალურ ნამუშევარს “ერთგვარი პოსტ-მოდერნული სერენადა“ უწოდა. ეს მომენტი ასევე SOPHIE-ს მაღალი მოდის წინაშე მნიშვნელოვანი წარდგენა იყო.

თუმცა მანამდე, 2018 წელს Eckhaus Latta-ს შოუ იყო, რომელზეც მუსიკოსი მოდელის ამპლუაში მოგვევლინა და ხმაურიანი ახალგაზრდა ბრენდის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთი ლუქი წარადგინა პოდიუმზე.

Eckhaus Latta შემოდგომა/ზამთარი 2018

მიმდინარე წლის დასაწყისში მოულოდნელად SOPHIE-ს გარდაცვალების შესახებ სამწუხარო სიახლე გავრცელდა – მუსიკოსი სულ რაღაც 34 წლის იყო. ყველაფერთან ერთად ის ხმაც იყო და არის ადამიანებისთვის, რომლებსაც დღემდე უწევთ თანასწორობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა. ახალი ინიციატივა კი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. SOPHIE-სთან დაახლოებული ადამიანები საქველმოქმედო გამოფენას აწყობენ, საიდანაც მიღებული შემოსავალი Trans Justice Funding Project-ს გადაერიცხება.

SOPHIE-სადმი მიძღვნილი გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 23 მაისამდე გაგრძელდება. მასზე წარმოდგენილი იქნება ნიკ ჰარვუდის, რენატა რაკშას, ემილი შუბერტის და სხვა არტისტების ნამუშევრები. Trans Justice Funding Project-ს შემოსული თანხის 100% გადაერიცხება. გამოფენის სახელწოდებაა – “ღმერთი ტრანსგენდერია.