ბერლინში დაფუძნებული ტანსაცმლის ბრენდის, GmbH-ის, უკან მდგარი დიზაინერები – Serhat Işık და Benjamin Huseby – Trussardi-ის შემოქმედებით ხელმძღვანელებად დაინიშნენ. ისინი ახალ ამპლუაში თავიანთ პირველ კოლექციას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგენენ.

“GmbH-მა მოდაში მიმდინარე საუბარში ინკლუზიურობისა და პასუხისმგებლობის თემები ხმამაღლა გააჟღერა,” – აღნიშნულია იტალიური აქსესუარების, ჯინსებისა და პარდიუმერიის ბრენდის, Trussardi-ის, განცხადებაში. “ისინი ბრენდს ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მკაფიო და თანამედროვე ხედვას შესთავაზებენ.”

© NSS Magazine

Serhat Işık-მა და Huseby-მ თავიანთი ბრენდი – GmbH 2016 წელს დააარსეს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, GmbH-ის შექმნის იდეა ბერლინის კლუბის საცეკვაო მოედანზე დაიბადა და მას შემდეგ ქალაქის ანდერგრაუნდ საკლუბო კულტურას ეფუძნება. 

იხილეთ GmbH-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექცია

უნდა აღინიშნოს, რომ Serhat Işık და Benjamin Huseby იტალიურ ბრენდში პასუხისმგებელები იქნებიან როგორც დიზაინზე, ისე მის იმიჯსა და ბრენდინგზე. როგორც ამ მოულოდნელ სიახლესთან დაკავშირებით იწერება, ეს ნაბიჯი შესაძლოა Trussardi-ის რენესანსის დასაწყისი აღმოჩნდეს.

დიზაინერები Trussardi-ში თავიანთი მოვალეობის შესრულების პარალელურად, კოლექციების შექმნას GmbH-სთვისაც განაგრძობენ.