მიმდინარე სეზონზე კოლექციები განსაკუთრებით უბრალოა. მთავარი არა სიახლეების შემოთავაზება, არამედ იმ ძირითადი სამოსის განსხვავებული ვარიაციების წარმოდგენა გახდა, რაც ისედაც ყველას გარდერობში მოიპოვება. დიზაინერების უმეტესობა ამბობს, რომ ახლა მთავარი სიმარტივეა, არსებულ რეალობაში ტანსაცმელმა თავისი ძირითადი ფუნქცია უნდა შეასრულოს და მოხმარებელს კომფორტი შეუქმნას. თუმცა მათ, ვინც მაღალი მოდის ბრენდებისგან სიმარტივის და კომფორტის გარდა მეტს მოელის, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან იშვიათი გამონაკლისებიც აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ერთ-ერთი ბერლინში დაფუძნებული ბრენდი GmbH-ია.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, GmbH-ის შექმნის იდეა ბერლინის კლუბის საცეკვაო მოედანზე დაიბადა და მას შემდეგ ქალაქის ანდერგრაუნდ საკლუბო კულტურას ეფუძნება. ის Benjamin Huseby-მ და Serhat Isik-მა 2016 წელს შექმნეს და არსებობის მოკლე პერიოდში ბრენდს არაერთი წარმატება ხვდა წილად.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კოლექცია სახელად „Welt am Draht (World on a Wire)“ გერმანელი რეჟისორის, Rainer Werner Fassbinder-ის, შექმნილი 1973 წლის სატელევიზიო შოუთია შთაგონებული. სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ სერიებში მოქმედება შემდეგი აზრის გარშემო ვითარდება:
„ჩვენი მსოფლიო მთლიანად სხვა სამყაროს შიგნით არსებობს, შესაძლოა, როგორც კომპიუტერის სიმულაცია.“
კოლექციაში ყველაზე გამორჩეული დეტალი სილუეტია, რომლის შექმნაც დიზაინერებს შუა-საუკუნის ოტ კუტიურმა შთააგონა. მამაკაცის სხეულს არაჩვეულებრივად მორგებული ქალის სამოსისთვის დამახასიათებელი x მოტივი, რომელიც მხრებზე ეშვება და გულ-მკერდს მოღეღილს ტოვებს, GmbH-სგან შემოთავაზებული სასურველი სიახლეა. შეიძლება ითქვას ბრენდმა თავისი სენსუალური ქმნილებით ამ სეზონზე გენდერული საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა.
აღსანიშნავია, რომ კოლექციაში გამოყენებული ბეწვი ყალბია, ხოლო ტყავი ვეგანური.
„კოლექცია იმედის მომცემია. კლუბში ისევ წავალთ, კვლავ ვნახავთ თეატრში სპექტაკლს, ოპერასაც ვეწვევით, დავესწრებით ჩვენი ოჯახის ქორწილებს, ეს ლუქები კი თქვენთვის მზად იქნება მაშინ, როცა ეს დღეები დადგება.“
Serhat Isik
ჩვენების ჩანაწერი