მოდის პრესის ცნობილმა ჟურნალმა, WWD-იმ ექსკლუზიურად გაავრცელა სიახლე, რომ ფრანგულ მოდის სახლს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. ბრიტანელი სარა ბარტონი დაიკავებს Givenchy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას. “ჟივანშის” ისტორიაში სარა მეორე ქალია, რომელიც მოდის სახლს გაუძღვება.
სარა ბარტონი მოდის ინდუსტრიაში პატივსაცემი დიზაინერია, რომელმაც საახელი Alexander McQueen-ში მუშაობით გაითქვა. 2023 წლის ოქტომბრამდე, სარა სწორედ Alexander McQueen-ს ხელმძღვანელობდა, მან ბრენდისთვის თავისი ბოლო კოლექცია გასული წლის სექტემბერში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა.
რაც შეეხება “ჟივანშის”, სარა ბარტონი LVMH-ის მფლობელობაში არსებული ფრანგული ბრენდისთვის თავის პირველ კოლექციას მომავალი წლის მარტში, 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგენს.