გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 – ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოდის ინდუსტრიაზე, ჩვენს ქვეყანაში გასულ წელს ქართული მოდის ფონდი (GFF) გაჩნდა. ფონდმა, რომელიც ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცის, Factory Tbilisi-ის, თაოსნობითა და თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ქართული მოდისა და სხვა შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლების ხელშეწყობა დაისახა.

GFF-ს საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობაში ინდუსტრიის არაერთ გავლენიან ფიგურას ვხვდებით, მათ შორის: დიზაინერ დევიდ კომას, CFDA-ს მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ სტივენ კოლბს, British Vogue-ს ყოფილ რედაქტორ ალექსანდრა შულმანს, Vogue Italia-ს დამხმარე რედაქტორსა და Vogue Talents-ის ხელმძღვანელ სარა მაინოს, Polimoda-ს დირექტორ დანილო ვენტურის და ა.შ. 

© Georgian Fashion Foundation

ფონდის მიზანს ცხადყოფს ყოველწლიური GFF Prize-ს დაწესებაც, რომელიც მოდაში დასაქმებულ ტალანტებს განვითარებაში დაეხმარება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ დიზაინერებს, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი ბრენდი. GFF Prize-ის გამარჯვებულები ფინანსურ და პიარ მხარდაჭერას მიიღებენ.

შეგახსენებთ, 6-9 მაისს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ჩატარდება. ღონისძება ამჯერადაც ციფრულ ფორმატში გაიმართება და მას კვლავ ონლაინ პლატფორმა mbfwtbilisi.online უმასპინძლებს.