საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 22 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, ერლინგ ჰოლანდი და სპორტული ტანისამოსის გიგანტი “Nike” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, დეივიდ ორნსტეინის ინფორმაციით, ნორვეგიელი Nike-თან თანამშრომლობით, წელიწადში 24 მილიონ დოლარს მიიღებს.

ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი იყვნენ სხვა სპორტული კომპანიებიც, მათ შორის Adidas და Puma, ამიტომ ფეხბურთელისთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასული სეზონები Nike-ისთვის ბევრად წარმატებული გამოდგა, ვიდრე კონკურენტი კომპანიებისთვის. გასული წლის ბოლო კვარტალში, Nike-ის გაყიდვებმა 13.32 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბრენდისთვის ათწლეულის საუკეთესო შედეგია.