Vogue Business წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სარა ბარტონი Alexander McQueen-ში დაკავებულ კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ბრიტანელი დიზაინერი Kering-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდში 26 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ბარტონი ლი მაკქუინის დაარსებულ მოდის სახლს პირველად, როგორც ინტერნი 1996 წელს შეურთდა. მოგვიანებით, როდესაც Central Saint Martins-ში სწავლა დაასრულა, ბრენდში ისევ დაბრუნდა და 2000 წელს ქალის სამოსის დიზაინის ხელმძღვანელი გახდა. ის წლების განმავლობაში მაკქუინთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, 2010 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი Alexander McQueen-ის კრეატიული დირექტორის პოზიცია დაიკავა. 13 წლის განმავლობაში, თავისი რომანტიკული და ფემინური ხედვით, შემოქმედებითად ღირსეულად უძღვებოდა ბრენდს, რომელიც 1992 წლიდან ლი მაკქუინის კოლექციებითა და შოუებით გამოცემულ ავტობიოგრაფიას წარმოადგენდა.
Alexander McQueen გაზაფხული/ზაფხული 2012
© Vogue Business / Francois Guillot/AFP / Getty Images
ბარტონს ინდუსტრიის არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის წლის დიზაინერის ჯილდო British Fashion Awards-ზე. 2012 წელს ბრიტანული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დაჯილდოვდა. მისი საქორწინო კაბის დიზაინი კემბრიჯის ჰერცოგინიამ 2011 წელს თავის ქორწილში მოირგო.
კოლექცია, რომლის ჩვენებაც 30 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება, იქნება ბოლო, რომელიც Alexander McQueen-ისთვის ბარტონის მიერ იქმნება შექმნილი. ჯერ-ჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით მოდის სახლის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ოფიციალური განცხადების გავრცელება სულ მალე არის მოსალოდნელი.