2017 წელს კლერ უეით კელერი გახდა პირველი ქალი, რომელიც Givenchy-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. 1952 წელს დაარსებულ ფრანგულ მოდის სახლში ბრიტანელი დიზაინერი ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში დარჩა. დროის მოკლე მონაკვეთში მას არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის, 2018 წლის Fashion Awards-ზე ქალის სამოსის წლის ბრიტანელი დიზაინერის ჯილდო მოიპოვა, ხოლო 2019 წელს Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის საპატიო სიაში მოხვდა. ამ პერიოდში ის ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მაშინ, როდესაც მეგან მარკლი პრინც ჰარის ცოლად სწორედ კლერის დიზაინით შექმნილ საქორწინო კაბაში გამოწყობილი გაჰყვა.

სანამ კლერი Givenchy-ში მივიდოდა, შემოქმედებითად Chloé-ს მიუძღვებოდა. თავისი კარიერის განმავლობაში ის ასევე მუშაობდა Gucci-ში ტომ ფორდის პერიოდში, Ralph Lauren-სა და Calvin Klein-ში. დიზაინერმა Givenchy 2020 წელს დატოვა და მას შემდეგ მოდიდანაც გაუჩინარდა. თუმცა სამი წლის შემდეგ, შესაძლოა მისი დაბრუნების მოწმეები გავხდეთ.

ფოტო: სტივენ მეიზელი

WWD წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კლერი Uniqlo-სთვის კოლექციის შექმნაზე მუშაობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იაპონური მოდის ჯაჭვისთვის შექმნილი მისი პირველი ნამუშევრები მაღაზიებში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.

როგორც WWD-ს ამ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, გამოცემის წარმომადგენლები შეეცადნენ Uniqlo-ს მფლობელ კომპანია Fast Retailing Co. Ltd-სთან მიღებული ცნობების გადამოწმებას. “ამ ეტაპზე არ შეგვიძლია დავადასტუროთ ინფორმაცია რაიმე ახალი პროექტისა თუ კოლექციის შესახებ,” – განაცხადეს კომპანიაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია კლერის Uniqlo-სთან შესაძლო კოლაბორაციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დეტალებიც.