“ის დაბრუნდა,” – ამ გზავნილით დაანონსდა Puma-ს სოციალურ ქსელებში რიანასთან თანამშრომლობის მორიგი ეტაპი, რომელსაც ბევრი ელოდა. გერმანული კომპანიისა და ბარბადოსელი მუსიკოსის გახმაურებული პარტნიორობა 2014 წლიდან იწყება. რიანას კრეატიული დირექტორობის პერიოდში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, Fenty x Puma-ს რამდენიმე ჩვენება გაიმართა. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები გამოსვლიდან მოკლე დროში სრულად იყიდებოდა და ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით სნიქერების “Creeper” ხაზი. Puma-მ და რიანამ ბოლო საერთო კოლექცია 2017 წელს გამოუშვეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რიანამ LVMH-თან ერთად ტანსაცმლის ხაზი შექმნა, სახელწოდებით Fenty და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც LVMH-ში ბრენდი დააარსა, ასევე პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ამ კონგლომერატში ბრენდის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო Fenty პირველი ახალი ბრენდი გახდა, რომელიც 1987 წლის შემდეგ, LVMH-ის პატრონაჟით შეიქმნა. მაგრამ დაახლოებით 2 წლიანი არსებობის შემდეგ, ბრენდი დაიხურა, გავრცელებული ინფორმაციით, შემცირებული გაყიდვების გამო. რაც შეეხება Puma-სთან ახალ თანამშრომლობას, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და მოგვიანებით გამჟღავნდება.