სილვია ვენტურინი ფენდის შექმნილი ახალი კოლექციის ჩვენება ფლორენციიდან 30 წუთის დაშორებით, Capannuccia-ში Fendi-ს ახლად გახსნილ ქარხანაში გაიმართა.

ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ თუ როგორ იქმნებოდა იტალიური ბრენდის ცნობილი პროდუქტები; ისინი მოწმეები გახდნენ ჩანთა “Peekaboo”-სთვის თარგების ლაზერის საშუალებით ჭრის პროცესისა თუ Tiffany x Fendi-ს “Baguette” მოდელის აწყობისა.  

მამაკაცის კოლექციის ხასიათი და არსიც ჰარმონიულად ერწყმოდა გარემოს – ის ხელობას ზეიმობდა, წარმოდგენილი ნამუშევრები კი სამუშაო ტანსაცმლით და აღჭურვილობით იყო შთაგონებული. ჩვენებაზე შემოთავაზებული თითოეული ჩანთა სწორედ Fendi Factory-ში შეიქმნა, რომელმაც ფუნქციონირება გასული წლის ბოლოს დაიწყო. 14000 კვ.მ ნაგებობა მილანში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდია Piuarch-ის მიერ Fendi-ს სპეციალურ არქიტექტურულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით არის დაპროექტებული.

ჩვენების ჩანაწერი

სამი წლის შემდეგ პირველად, Velentino-მ მამაკაცის კოლექციას დამოუკიდებელი ჩვენება დაუთმო. იტალიურმა მოდის სახლმა თავის აუდიტორიას პიერპაოლო პიჩოლის კრეატიული დირექტორობით შექმნილი ნამუშევრები მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს, Università degli Studi di Milano Statale-ს ტერიტორიაზე წარუდგინა. კოლექციას “ნარატივები” ეწოდა.

პიერპაოლოს მიზანი იყო machismo-ს ტრადიციული ცნება უგულებელყო და მამაკაცის სამოსის კოდები ახლებურად წარმოეჩინა; კლასიკური პიჯაკები მოდელებმა შორტებთან და ქვედაბოლოებთან მოირგეს, ყვავილების გამოსახულებები სამოსს სინაზეს მატებდა, ფერთა პალიტრა კი მუქ ტონალობებთან ერთად ასევე მოიცავდა Valentino-სთვის დამახასიათებელ მკვეთრ ვარდისფერსაც. 

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასკულინური იდენტობის ხელახლა განსაზღვრა,” – განაცხადა დიზაინერმა. “ის არ უნდა მისდევდეს საზოგადოების დადგენილ წესებს ან ეფუძნებოდეს წარმატებასთან ასოცირებულ სრულყოფილებას. საზოგადოება მამაკაცებს [წინასწარ განსაზღვრულ] ყუთებში ანთავსებს, რადგან ასე უფრო მარტივია, მაგრამ ნადვილი ძალა თავისუფლებაში მდგომარეობს, თუნდაც ცოტაოდენ სიმყიფეს ავლენდე გამძლეობის შენარჩუნებისას.”

ჩვენების ჩანაწერი

შორტები დომინირებდა Prada-ს მამაკაცის ახალ კოლექციაშიც. ისინი პოდიუმზე ნაჩვენები იყო ფოჩებიან პერანგებთან, ფართო მხრებიან პიჯაკებთან. კოლექციას მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა “ფლუიდური ფორმა” დაარქვეს.

“როგორ შეიძლება განსხვავებული იყოს იდეა, რომელიც კლიშეა?” – თქვა რაფმა. “კოსტიუმი, პერანგი. ეს კოლექცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონვენციებს, რომლებიც სტრუქტურასა და მასკულინურობას ეხება. ჩვენ ვიკვლევთ იდეას თუ როგორ შეიძლება სრულიად განსხვავებულად აღიქმებოდეს თეილორინგი იმისგან, როგორადაც მას ვიცნობთ.”

მართლაც, კოლექცია მამაკაცის სამოსისთვის დამახასიათებელ ძირითად ელემენტებს მოიცავდა და მაინც, არაფერი აღიქმებდა როგორც უბრალო, ჩვეულებრივი. დიზაინერებისთვის მასზე მუშაობისას ამოსავალი წერტილი პერანგის დიზაინი გახდა. “პერანგით ვიწყებთ – რაც ყველაზე მარტივია. ამ ბაზიდან კი, რომელიც ყველაზე ნორმალური, ძირითადია, შეგიძლია ის გააკეთო, რაც გსურს. ის ტრანსფორმაციის, ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალებას იძლევა,” – აღნიშნა მიუჩიამ.

ჩვენების ჩანაწერი