1997 წელს სილვია ვენტურინი ფენდიმ შექმნა ჩანთა, რომელიც „Baguette“-ის სახელით გახდა ცნობილი. ორიათასიანი წლების დასაწყისში პოპულარულ სერიალ „Sex And The City“-ში მისი გამოჩენის შემდეგ, ეს აქსესუარი პოპ კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ერთ-ერთი პირველი „It“ ჩანთის შექმნიდან 25 წელი წელი გავიდა, რაც ნიუ-იორკში ჩვენების გამართვით იზეიმეს.
პრეზენტაციას წინა რიგიდან თვალს ადევნებდნენ სუპერმოდელები: ქეით მოსი, კრისტი ტარლინგტონი, ამბერ ვალეტა, შალომ ჰარლოუ და, რა თქმა უნდა, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი, რომლის შესრულებულმა ქერი ბრედშოუს როლმა, ეს ჩანთა მრავალი ადამიანისთვის გახადა სასურველი.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ქალაქში „ბაგეტის“ ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. გარდა ჩვეული ფორმისა, ის კოლექციაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით – როგორც ზურგჩანთა, „თოუთ“ და წელის ჩანთები, ასევე მინი ვერსიები. მისი დიზაინის ელემენტები აფორმებდა ტანსაცმელს, ქუდებს, წინდებსა და ფეხსაცმელებს.
© Vogue Runway
„ბაგეტები“ შემოთავაზებული იყო ტიფანის ლურჯ ფერშიც, ცხადია, ისინი Tiffany & Co-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი კოლაბორაცია, რომელიც შოუზე ვიხილეთ. ფენდიმ ამერიკელ დიზაინერ მარკ ჯეიკობსთანაც ითანამშრომლა.
პოდიუმზე ნაჩვენები 54 ლუქიდან ათის შექმნაზე ჯეიკობსმა იმუშავა. მასვე ეკუთვნის „FENDIROMA“ ლოგო, რომელიც კოლექციაში გამოიყენა.
© WWD
ჩვენება მოულოდნელი სურპრიზით დასრულდა. პირველად 15 წლის განმავლობაში, პოდიუმს დაუბრუნდა შეუდარებელი ლინდა ევანჯელისტა. დამსწრე აუდიტორიის წინაშე სუპერმოდელი სილვია ვენტურინი ფენდისთან, მარკ ჯეიკობსთან, ფენდის ქალის ხაზის კრეატიულ დირექტორ კიმ ჯონსთან და სამკაულის დიზაინერ დელფინა დელეტრესთან ერთად წარსდგა.
© W Magazine
ჩვენების ჩანაწერი