იტალიელმა დიზაინერმა ალბერტა ფერეტიმ რიმინიში მდებარე Castel Sismondo-ში ახალი რეზორტ კოლექცია წარადგინა.

ცოტა ხნის წინ, იტალიის რეგიონს ემილია-რომანიას დამანგრეველი სტიქია დაატყდა თავს, ჩვენების ლოკაციასთან საკმაოდ ახლოს. დიზაინერსა და 32 მოხალისეს, რომლებიც დიზაინერს ჩვენების ჩატარებაში დაეხმარნენ, ლურჯი მაისურები ეცვათ, წარწერით “Io Ci Sono” (მე აქ ვარ), მაისურები გაყიდვაშია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება წყალდიდობით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე მომუშავე საქველმოქმედო ფონდში.

როგორც ამას WWD აღნიშნავს, დიზაინერი საკმაოდ ღელავდა და ბოლო მომენტამდე ფიქრობდა, გაემართა თუ არა ჩვენება აღნიშნულ სიტუაციაში. “ეს ძალიან რთული პერიოდი იყო და სულ მეშინოდა, რომ შეცდომას ვუშვებდი ჩვენების აქ ჩატარებით. თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ მომცა უფლება ჩვენება ჩამეტარებინა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ რიმინი უკვე უსაფრთხოა,” აღნიშნა ფერეტიმ WWD-სთან საუბარში. ამის დასამტკიცებლად, ჩვენებას თავად ტურიზმის მინისტრი დანიელა სანტანჩე დაესწრო.

როგორც ჩანს, რეგიონში ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, დაბრუნდნენ ტურისტები, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები კი მზიანი ამინდით ტკბებიან.

რიმინიში ჩვენების გამართვა ფერეტის ჯერ კიდევ 2020 წელს სურდა, თუმცა მაშინ ღონისძიებას ხელი კოვიდმა შეუშალა. ფერეტისთვის რიმინისთან ახლო კავშირს ფედერიკო ფელინიც აღრმავებს, რომელიც სწორედ იქ დაიბადა. მე-15 საუკუნის ციხესიმაგრეში, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენება გაიმართა, ფელინის მუზეუმია განთავსებული, სადაც სტუმრებს მისი კარიერის დათვალიერება ფოტოებში შეუძლიათ, მათ შორისაა კადრები საკულტო ფილმიდან “La Dolce Vita”, რომელშიც ანიტა ეკბერგი და მარჩელო მასტორიანი თამაშობენ.

კოლექციაში ფელინის რამდენიმე რეფერენსს ვხვდებით, მათ შორისაა შავი ხავერდის კაბა V ფორმის გულით, რომელიც მოგვაგონებს ანიტა ეკბარგის საკულტო კაბას ტრევის ფანტანის ეპიზოდში ფილმიდან “La Dolce Vita”, ასევე გრძელი კაპიუშონიანი ლაბადები წააგავს 1976 წლის ფილმის Casanova-ს კოსტიუმებს. ჯამში კოლექცია ფერეტისთვის დამახასიათებელი, კლასიკური, ნეიტრალური, თუმცა ზუსტი, იტალიური “Chic”-ის განსახიერებაა, რითაც მან თავი კარიერის დასაწყისშივე გაითქვა.

იხილეთ კოლექცია: