უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას, პატრონაჟით Factory Tbilisi გამოფენას, სახელწოდებით – “Ukrainian Guernica” მასპინძლობს. მასზე წარმოდგენილია 40 საერთაშორისო ფოტოგრაფის გადაღებული დოკუმენტური მასალა, რომელიც უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან განხორციელებულ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ასახავს.

“დღეს უკრაინელები არამარტო თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, არამედ მსოფლიოს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – ამბობს Factory Tbilisi-ის და ფონდ BeNext-ის დამფუძნებელი, გამოფენის თანაორგანიზატორი სოფო ჭყონია. “ჩვენ ყოველ დღე ვუყურებთ რუსეთის ტირანიას და ტერორიზმს, ვხედავთ, როგორ კლავენ უდანაშაულო ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს. მოქმედების და რეაგირების დროა, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინელებთან ერთად ისე, როგორც შეგვიძლია.”

Factory Tbilisi კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის 27 800 კვ.მ უნიკალურ სივრცეში განთავსებული ხელოვნების, მოდის, კულტურისა და განათლების ცენტრია, რომლის მისიაც ქართული მოდის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების ხელშეწყობაა.

გამოფენა “Ukrainian Guernica” 5 მაისს გაიხსნა და მისი მონახულება ყველა მსურველისთვის 15 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.