თუ საქართველოს უახლოეს ისტორიას თვალს კიდევ ერთხელ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ განვითარების მხრივ მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია. სულ რაღაც ხუთი წელი აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, რომ ამ შემოქმედებით სფეროს რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში თავისი პოტენციალი გამოევლინა.

ადგილობრივი დიზაინერები საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ. მათი ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან მაღაზიებში იყიდება. დროთა განმავლობაში, ჩვენთვის გასაკვირი აღარც ცნობილი ადამიანების ხილვა იყო, მაშინ როცა ისინი საზოგადოების წინაშე ქართული ბრენდების ტანსაცმლითა და აქსესუარებით ჩნდებოდნენ. შემდეგ, მსოფლიოს თავს პანდემია დაატყდა და ყველაფერი შეიცვალა. პროგრესირებად ინდუსტრიას საფრთხე დაემუქრა. მის გადასარჩენად კი დამატებითი გზების მოძიება გახდა აუცილებელი.

სწორედ შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერაა მთავარი მიზანი იმ პროექტისა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საფუძველი წელს ჩაეყარა.

Factory Tbilisi © Instagram / sofiatchkonia

კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის 27 800 კვ.მ უნიკალურ სივრცეში განთავსებული ხელოვნების, მოდის, კულტურისა და განათლების ცენტრი – Factory ხელოვან ადამიანებს საშუალებას მისცემს მიიღონ განათლება, განახორციელონ საინტერესო პროექტები და მნიშვნელოვან ხალხს გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„საქართველოში განსაკუთრებულად ნიჭიერი ხელოვანები ცხოვრობენ,“ – ამბობს Factory-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია. „მათ ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით პანდემიის დასრულების შემდეგ. კრეატიული ინდუსტრიები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის ინსტიტუციები, ორგანიზაციები, რომლებიც ხელოვანებს ეხმარებიან ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.“

პანდემიის ნეგატიური გავლენის საპასუხოდ კიდევ ერთი ინიციატივა – Georgian Fashion Foundation გაჩნდა, რომლის მისიაც ქართული მოდის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების ხელშეწყობაა. ეს ყველაფერი ახალ დასაწყისზე გვაფიქრებს, რომელიც შესაძლოა პროგრესისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

„ბევრი გავლენიანი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან გვიერთდება, რადგან მათ კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება, კულტურა ქვეყნისთვის.“

გასულ წელს, The Business of Fashion-მა სოფო ჭყონია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან 500 ადამიანს შორის დაასახელა. ის არაერთი წარმატებული პროექტის ორგანიზატორია. მათ შორის არის კონკურსი BENEXT, რომლის მიზანიც ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენა და დახმარებაა, ასევე საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, რომელმაც სულ რამდენიმე წელში, ადგილობრივ დიზაინერებს საერთაშორისო ცნობადობა და კომერციული წარმატება მოუტანა. ჯერ მხოლოდ წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეიძლება თუ რას მოუტანს მისი ახალი ინიციატივა ქართულ მოდასა და კულტურას, თუმცა, სხვა ღირსეულად განხორციელებული ჩანაფიქრების ფონზე, ბუნებრივია, არსებული მოლოდინები დადებითია. როგორც თავად ამბობს, „ამას, ალბათ, დრო გვიჩვენებს, იმედია ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.“

2020 წლის მაისში, Factory მზად იყო თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულისთვის ემასპინძლა, თუმცა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად, სეზონი გაუქმდა. ნაცვლად ამისა, ღონისძიება ციფრულად, სპეციალურად მისთვის მიძღვნილ პლატფორმაზე ჩატარდა და მიუხედავად კარგი შედეგებისა, საქართველოში მოდის კვირეულის ასეთ ფორმატში ჩატარება უპირატესობით ვერ ისარგებლებს. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მოდის კვირეული მეტია, ვიდრე მოდური სანახაობა და ის ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კულტურას მსოფლიოს აცნობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღონისძიებაზე საერთაშორისო სტუმრების ფიზიკური დასწრება. აქვე უნდა ითქვას, რომ როცა ამის შესაძლებლობა იქნება, მოდის კვირეულზე მიწვეული სტუმრების ძირითადი გაჩერება სწორედ Factory იქნება.

„პროექტის იდეა გაჩნდა, როდესაც კოკა-კოლას ქარხანა გადავიდა ახალ ტერიტორიაზე. 27 800 კვ.მ უნიკალური ტერიტორია დიდუბეში დარჩა უფუნქციოდ და ბევრი ფიქრი არ დამჭირდა იმისთვის თუ რა უნდა გაკეთებულიყო აქ.“

ახალ მულტიკულტურულ სივრცეში ბევრი პროექტი იგეგმება. ისინი ქართული მოდის და ხელოვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. მთავარი პრიორიტეტი კი განათლებაა, რომელიც, პირველ რიგში, ისეთი წამოწყებით განხორციელდება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე ძალიან დიდი ხანი ელოდა. Factory-ში მოდის პირველი სკოლა გაიხსნება. მართალია, ზუსტი თარიღი არ ვიცით თუ როდისთვის იგეგმება მისი გახსნა, მაგრამ ჭყონია წინასწარ გვიმხელს, რომ მანამდე სწავლის პროცესი ციფრულ ფორმატში დაიწყება:

„ჯერ-ჯერობით ველოდებით პანდემიის დასრულებას, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სკოლის ფორმირებაშია ჩართული, შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა. მანამდე ვაპირებთ ციფრულ ფორმატში დაწყებას და ამაზე ცოტა მოგვიანებით შევძლებ საუბარს, რადგან ჯერ-ჯერობით არ ვამხელთ ვინ იქნებიან და როგორ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ საინტერესო და ცნობილ ადამიანს იხილავთ და საინტერესო პროექტს.“

საერთაშორისო სასწავლო ცენტრის შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მოდის სკოლა ის ფუნდამენტური საჭიროებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდის ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდის განხრით არაერთი პროფესია საქართველოში ჯერ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა, განათლების ამაღლება კი, რა თქმა უნდა, მათ ათვისებას და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

„ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა და ამიტომ ამ სივრცის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის. მოდა საქართველოში ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და განათლების დონის ამაღლება სწორედ ახლა არის საჭირო.“

მასშტაბური პროექტის განხორციელებას თან გამოწვევებიც ახლავს. ცხადია, გლობალური პანდემია დაბრკოლებების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ პროექტის ხელმძღვანელები მათ გადალახვას მაინც ახერხებენ. „რთული პერიოდი დაგვემთხვა, როდესაც პროექტზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა,“ – აღნიშნავს სოფო. „ყველაფრის კეთება ახლა ონლაინ რეჟიმში გვიწევს, მაგრამ იმედია ამ დროს მხოლოდ სასიკეთოდ გამოვიყენებთ და იდეა, პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება.“

© WWD

მსოფლიოს ბევრ ქალაქში არაერთი პრეცედენტი არსებობს თუ როგორ შესძინეს ძველ ქარხნებს ახალი სიცოცხლე მათი სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნის გზით. მაგალითად, ასეთია 1993 წელს, მიუჩია პრადას და პატრიციო ბერტელის მიერ მილანში დაარსებული Fondazione Prada-ს ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც კინოსთან, ფოტოგრაფიასთან, ფილოსოფიასთან თუ არქიტექტურასთან დაკავშირებულ აქტივობებს მასპინძლობს. ჭყონიას ყოველთვის უნდოდა მსგავსი ტიპის სივრცის შექმნა და როცა კოკა-კოლას ქარხანა ახალ ტერიტორიაზე გადავიდა, Factory-ის შექმნის იდეაც გაჩნდა.

ყურადღებაც იქცევს სახელი – Factory-იც, რომელიც ამავე სახელწოდების ენდი უორჰოლის ცნობილ არტ-სტუდიასაც გვახსენებს. ჩვენი ასოციაციები სულაც არ არის უსაფუძვლო, რადგან მათ შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. „როდესაც ამ პროექტზე ვფიქრობდი, რატომღაც სულ ენდი უორჰოლის The Factory – ქარხანა მახსენდებოდა, უორჰოლის ნიუ-იორკში მდებარე ლეგენდარული ხელოვნების სტუდიის სახელი,“ – ამბობს ჭყონია. „ქარხანა ასოცირდება მასიურ წარმოებასთან, ინდუსტრიასთან, მაგრამ არა ხელოვნებასთან და სწორედ ამიტომ დაარქვა მან თავის სტუდიას ქარხანა. რაც დრო გადის, მისი პიროვნება და ის, რასაც იგი გამოხატავდა სულ უფრო აქტუალური ხდება.“

 „Art is what you can get away with“ – ენდი უორჰოლის სიტყვებია. ჭყონიაც ამ აზრს იზიარებს და ხელოვნების თავისუფლებაზე მიუთითებს, რომ მას არ აქვს საზღვრები და კანონები. ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედი არსებაა. შემოქმედებითობა მას თავს სრულფასოვნად აგრძნობინებს. ეს ძიების, აღმოჩენის, შემეცნების, თავის დაღწევის, განთავისუფლების პროცესია. ყველას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში კრეატიულ გამოსავალს მიაგნოს და სხვადასხვა სახით გადმოსცეს ის. ჩვენ მუდმივად რაღაცას ვქმნით. როცა ჩვენი ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი კრეატიული ჩანაფიქრი თავისუფალია, ის ფასეულია, რადგან გულწრფელი და მეტყველია. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოქმედებითობა განვითარების პირდაპირი მაჩვენებელია. დიახ, თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი რაღაც შექმნას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავს უძღვნიან ხელოვნების გარკვეულ სფეროს. ყველას, ვინც საქმიანობას შემოქმედებით დარგში იწყებს, განათლება და ხელშეწყობა სჭირდება, რათა საკუთარი თავის რეალიზება სათანადოდ შეძლოს.

Tags :