მიმდინარე წელს Prada-ს შემოსავლები 12%-ით გაიზარდა. გასული ცხრა თვის განმავლობაში, იტალიური კომპანიის გაყიდვების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი მეტწილად ევროპისა და აზიის ბაზრებზე დაფიქსირდა.
სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Prada-ს ჯამურმა შემოსავლებმა €3.34 მილიარდი შეადგინა. ტანსაცმლის საცალო გაყიდვებმა 32%-იანი ზრდა აჩვენა, ფეხსაცმლის – 16%, ხოლო ტყავის ნაწარმის – 8%.
Prada გაზაფხული/ზაფხული 2024 © Prada
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საცალო გაყიდვები 15%-ით გაიზარდა და €1.04 მილიარდს მიაღწია. საუკეთესო შედეგი იაპონიამ აჩვენა, სადაც, ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის დამსახურებით, საცალო გაყიდვები 34%-ით, €334 მილიონამდე გაიზარდა.
ევროპაში გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი 13%-ია, რაც შეეხება შემოსავლების ოდენობას – €941 მილიონი.
ცხრა თვის განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა ამერიკულ ბაზარზე, სადაც გაყიდვები 3%-ით შემცირდა და მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში €536 მილიონი შეადგინა.