ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ HBO-ს სერიალ Euphoria-ს კინოწარმოება 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი, გადაღებები წლის მეორე ნახევრამდე გადაიდო. გადაღებების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა ლექსის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა მოდ აპატოუმ. Მან აღნიშნა, რომ პროცესის დასაწყებად ყველა მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად გეგმები შეიცვალა, თუმცა ზუსტი მიზეზები თავადაც არ იცის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადაღებების ვადები სერიალში მონაწილე რამდენიმე მსახიობის მიმდინარე პროექტებმა შეცვალა. როგორც უკვე ცნობილია, შემოქმედებითი გუნდის ნაწილი, მათ შორის ზენდეია, რამდენიმე დაანონსებულ ფილმში მონაწილეობს. სწორედ მსახიობების გადატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია Euphoria-ს გადაღებების რამდენიმე თვით გადაწევა. ეს ცხადია იმას ნიშნავს, რომ სერიალის მესამე სეზონის პრემიერაც უფრო გვიან შედგება, ვიდრე თავდაპირველად პროდიუსერებს ჰქონდათ დაგეგმილი.

Euphoria-ს მესამე სეზონის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით ის, რომ ახალ ეპიზოდებში აღარ გამოჩნდება კეტის პერსონაჟი, რადგან მსახიობმა ბარბი ფერეირამ შოუ დატოვა. ვრცელდება ხმები, რომ ბარბის სერიალის შემქმნელთან, სემ ლევინსონთან ჰქონდა უთანხმოება.

ასევე მინიშნების სახით ვიცით, რომ მესამე სეზონში ზენდეიას პერსონაჟი მაყურებლის წინაშე დიდი ტრანსფორმაციით წარდგება. აღნიშნულის შესახებ თავად მსახიობმა განაცხადა. მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონში მთავარი გმირი რუ ნარკოდამოკიდებულებას ამარცხებს.

Euphoria-ს პრემიერა 2019 წელს შედგა. სერიალი საშუალო კლასის წარმომადგენელი ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ გვიყვება. სიუჟეტი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, მენტალური აშლილობები და ასე შემდეგ.