ესტელ ლეფებიური ფრანგი მოდელი და მსახიობია. ის 1966 წლის 11 მაისს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რუანში დაიბადა. მოდელობა 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ჯორჯ გალიერმა მეორედ, პარიზის ქუჩებში აღმოაჩინა. ჯორჯმა თავდაპირველად პარიზის სააგენტო – Prestige Models – თან გაუფორმა კონტრაქტი, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სააგენტო American Model დაარსა და ესტელიც იქ გადაიყვანა. ჯორჯი ესტელის კარიერას, როგორც აგენტი 1991 წლამდე განაგებდა, სანამ ესტელი ამ სააგენტოდან ელიტში გადავიდოდა და კალიფორნიაში მომღერალ – დევიდ ჰალიდეის გაჰყვებოდა ცოლად, რომელთან ურთიერთობაშიც 2000 წლამდე იყო. ესტელს მისგან ორი შვილი ჰყავს, ემა და ილონა.


სამოდელო კარიერის მანძილზე ესტელი მრავალი გავლენიანი ჟურნალის ყდაზე მოხვედრილა, რომელთა შორისაც იყო: ვოგი, ელი და გლამური. ჯამში ესტელი ამერიკული ვოგის გარეკანზე შვიდჯერ არის მოხვედრილი. 1993 წელს სპორტ ილუსთრეიდის ყდაც დაამშვენა, მომდევნო წელს კი People-მა 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა. მას მსოფლიოს წამყვანი მოდის ფოტოგრაფები იღებდნენ: ავედონი, დემარშელიე, ლინდბერგი, რიცი, ბენსიმონი და სხვები. გამოდიოდა სახელგანთქმული ბრენდების ჩვენებებზე. ყოფილა არაერთი ბრენდის სახე, მათ შორის: დიორის, ლორდ & ტეილორის, მიქსას, რევლონის, სამსუნგის, მუგლერის, ვიშის და ვერსაჩეს.

1994 წელს მისი დებიუტი კინოშიც შედგა, როდესაც ფრანგულ კომედიურ ფილმ – Grosse Fatigue – ში ითამაშა და მას შემდეგ კვლავ განაგრძობს კინო ინდუსტრიაში მოღვაწეობას. მის ფილმოგრაფიაში ჯამში 14 ფილმს შევხვდებით, მათ შორის არის სამი სერიალი და მოკლე მეტრაჟიანი ფილმებიც.
მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს ჯორჯ მაიკლის მუსიკალურ კლიპში – “Too Funky.”

2004 წელს ის ფრანგ ტელეწამყვანს, არტურს გაჰყვა ცოლად, რომელსაც 2008 წელს დაშორდა. 2010 წელს კიდევ ერთი შვილი ჯულიანო თავისი პარტნიორ რესტორნის მეპატრონე პასკალისგან შეეძინა, ამ წელს ორსულმა ესტელმა ფრანგულის ელის ყდაც დაამშვენა.


ის კვლავ განაგრძობს მოდელობას და მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოები ორ დიდ ქალაქში – პარიზსა და მილანში წარმოადგენენ. ბოლოს ესტელი პოდიუმს იანვარში, ოტ კუტიურ კვირეულის ფარგლებში გამართულ ჟან პოლ გოტიეს ჩვენებაზე დაუბრუნდა.

Jean Paul Gaultier Spring 2020 Couture © Vogue Runway

2012 წელს models.com – მა ესტელთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მოდელი ლეგენდის სტატუსით მოკლედ მიმოიხილავს თავის კარიერას, იხსენებს მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს და საუბრობს ინდუსტრიის ცვლილებაზე.

MDC: ოდესმე შენი თავი ლეგენდად აღგიქვამს?

ESTELLE: არა, არა. ამ საქმეს უკვე მრავალი წელია ვაკეთებ, მაგრამ სულ მგონია, რომ ჯერ ახლა დავიწყე. მერე რა რომ ვოგის, ელის, გლამურის ან კოსმოს ყდებისთვის – საუკეთესო ფოტოგრაფებთან – ავედონთან, ბილ კინგთან მიმუშავია, ეს ყველაფერი თითქოს მაინც სიახლეა.
პარიზის ერთ-ერთ ქუჩაში 17 წლის ასაკში ფრანგმა აგენტმა აღმომაჩნია, რომლის სააგენტოც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარებოდა, ამიტომ გარეთ ჯდებოდა და გამვლელ გოგოებს აკვირდებოდა. ნორმანდიიდან ვარ, ასე რომ პარიზს უბრალოდ ვსტუმრობდი და როდესაც სახლში დავბრუნდი, დედაჩემმა ნება არ მომცა მოდელობა დამეწყო.
ორი წლის შემდეგ, სკოლის დამთავრების მერე სააგენტოში კვლავ დავბრუნდი. იმავე ქუჩაზე გავიარე და ის ბიჭი ისევ იქ იყო! ალბათ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

MDC: რომელი მომენტებია შენი კარიერიდან შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ESTELLE: სიგიჟე იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ასეთი მომენტი მხოლოდ ერთია – წლების მანძილზე ძალიან ბევრი განსხვავებული მომენტი მქონია. რა თქმა უნდა, ავედონთან მუშაობა წარმოუდგენელი იყო – ვოგის ყველა ეს გარეკანი. 1987 წელი სასწაული იყო, უბრალოდ ოცნება – ვოგის შვიდ გარეკანზე ვიყავი და როდესაც იწყებ ფიქრს, რომ წელიწადში მხოლოდ 12 თვეა, ეს მართლაც წარმოუდგენლად გეჩვენება! ერთხელ ჩემს აგენტთან ერთად ქუჩაში მივდიოდი, კიოსკთან შევჩერდით და ჩემი გამოსახულებით სამი თუ ოთხი გარეკანი დავინახეთ, გლამურის, სკავულოს გადაღებული კოსმოპოლიტანის და ორი ვოგის.
ძალიან ბევრი კარგი და ასევე ცუდი მოგონებაც მაქვს. მახსოვს ის წელი, როდესაც სპორტ ილუსთრეიდისთვის შუა ზამთარში საცურაო კოსტუმებში მქონდა გადაღება, მაშინ ავად გავხდი. მათ საცურაო კოსტუმებში გადაღება ყოველთვის ზამთარში უნდათ და ქურქებში ზაფხულში. პოლი მელენთან ერთად და ტატიანა პატიცთან ერთად არიზონაში გადაღებაზე ყოფნა მახსენდება. უდაბნოში ქაშმირის და ბეწვის სამოსში გვიღებდნენ და ის ცუდად გახდა! ესენი ცუდია, თუმცა წარმოუდგენელი მომენტებიც იყო; დაუჯერებელი მოგზაურობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ ხალხთან შეხვედრები და უამრავი სასურველი გამოცდილება.

MDC: რას იტყვი, რამდენად შეიცვალა ინდუსტრია მას შემდეგ, რაც მასში მოღვაწეობა დაიწყე?

ESTELLE: როგორც ოთხმოცი-ოთხმოცდაათიანი წლების მოდელი, ვიტყოდი რომ ახლა, როდესაც მოდელებს ვუყურებ, ვხედავ თუ რამდენად განსხვავებულები არიან. არამგონია ეს გოგოები ამ საქმიანობისგან ჩვენსავით დიდ სიამოვნებას ღებულობდნენ. ახლა ეს გოგოები უფრო კარიერის შექმნისკენ მიისწრაფვიან და უფრო ბიზნესზე არიან გადართულები. ასევე ის შეიცვალა, რომ ჩვენ დაახლოებით 10 გოგოსგან შემდგარი ჯგუფი ვიყავით და ყოველთვის ერთად ვმუშაობდით. სულ ერთი და იგივე სამუშაო გვქონდა და ვმეგობრობდით. თითოეულ გოგოს განსხვავებული გარეგნობა და პიროვნულობა ჰქონდა, ახლა ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ მიჭირს ახალი თაობიდან ერთი გოგოს გამორჩევა. არ ვარ დარწმუნებული, შევძლებთ თუ არა ოდესმე, რომ ამ ვარსკვლავურ სამოდელო სისტემას დავუბრუნდეთ. ჩვენ ნამდვილად ვიყავით პიროვნებები. დიზაინერებიც განსხვავებულად აზროვნებდნენ. ვერსაჩეზე გამოვდიოთ, რომელზეც მხოლოდ ტოპ მოდელებს ნახავდით – პოდიუმი იყო ლინდასი, სინდის, კრისტის, ნაომის, ყველას იცნობდნენ – ძალიან კარგი დრო იყო.
კლიენტებს შეეძლოთ დაგვკავშირებოდნენ, ასე შეეძლოთ ქალებსაც, რომლებსაც ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩვენ გვქონდა ცხოვრება, რომელსაც ხალხი ეცნობოდა, უფრო და უფრო მეტის გაგება უნდოდათ სუპერმოდელების შესახებ.

Vogue აგვისტო 1988
მოდელები: Estelle Lefebure, Karen Alexander, Rachel Williams, Linda Evangelista, Tatjana Patitz, & Christy Turlington
ფოტოგრაფი – Peter Lindbergh