ოფიციალურად დადასტურდა სიახლე, რომ ამერიკელმა დიზაინერმა თავისი სახელობის ბრენდი TOM FORD წამყვან კოსმეტიკურ კონგლომერატს, ესტე ლაუდერს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ეს არის Estée Lauder-ის კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება. ამასთან ერთად, მათი პირველი ნაბიჯი ტანისამოსისა და აქსესუარების ბიზნესში. ესტე ლაუდერის შვილობილი კომპანიებია: Mac Cosmetics, Clinique, Ordinary და თავის მოვლისა მოყვარულებისთვის სხვა არაერთი ცნობილი ბრენდი, თუმცა როგორც უკვე ითქვა, TOM FORD პირველი მოდის სახლია ამერიკული კონგლომერატის პორტფოლიოში.

Tom Ford

ფორდის კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზების წარმოებას Estée Lauder, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე იღებს, რაც შეეხება ტანისამოსსა და აქსესუარებს, ტომ ფორდის სამოსის წარმოება კვლავაც იტალიაში Ermenegildo Zegna Group-ის and Marcolin SpA-ს ლიცენზიების ქვეშ მოხდება. ჯერ-ჯერობით ბრენდის ბიზნეს კონსულტანტი დომენიკო დე სოლი და შემოქმედებითი დირექტორი ტომ ფორდი დაკავებულ თანამდებობებზე რჩებიან.

1994 – 2004 წლებში, ტომ ფორდი იკავებდა გუჩის და სენ ლორანის მოდის სახლების შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას, ამავდროულად ტომი იყო ხსენებული ბრენდების მფლობელი კომპანიის, Gucci Group-ის (დღევანდელი Kering) აღმასრულებელი დირექტორი. საკუთარი სახელობის ბრენდი ფორდმა Gucci Group-იდან წამოსვლის შემდეგ დააარსა. დღეისათვის ტომ ფორდის ბრენდი აწარმოებს, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ტანისამოსს, სათვალეებს, საათებს, ჩანთებს, აგრეთვე პარფიუმერიის, კანის მოვლისა და მაკიაჟის ხაზებს.

Tags :