ინგლისელ-ამერიკელი მსახიობის კინო და სამოდელო კარიერა 15 წელს ითვლის, თუმცა ლილი კოლინზის გარშემო ბოლო დროს არსებული მღელვარება, რა თქმა უნდა, ნეტფლიქსის გახმაურებულ შოუს უკავშირდება. ‘Emily In Paris’ რეიტინგული სერიალია, რომლის პრემიერა გასული წლის 2 ოქტომბერს შედგა. პირველმა სეზონმა მალევე დაიმსახურა ისეთი გამოცემების ყურადღება, როგორებიცაა: Vogue, Guardian, BBC, New York Times, Vanity Fair. ლილი კოლინზი კი, ხელახლა იქცა ვარსკვლავად, რომლის ჩაცმის სტილი, თავის მოვლის რუტინა, თუ პირადი ცხოვრება ინტერესს იწვევს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა რეჟისორ ჩარლი მაკდაუელზე იქორწინა. ლილიმ ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა, სადაც 23 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მოდის პრესის ყურადღება მიიქცია კაბამ, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერის, რალფ ლორენის შექმნილია.
აღსანიშნავია, რომ რალფი იშვიათად მუშაობს საქორწილო კაბებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლინზი შეუერთდა იმ ვარსკვლავების მცირერიცხვოვან წრეს, რომლებსაც მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეს Ralph Lauren ეცვათ.