ჟურნალ Variety-ისთან ახალ ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი Netflix -ის გახმაურებული სერიალის ახალი სეზონის ფინალს შეეხო და განაცხადა, რომ ‘Emily in Paris’ -ის რომში გადატანა ალოგიკური იქნება, სერიალი უნდა დარჩეს პარიზში და ამისთვის საფრანგეთი ძალისხმევას არ დაიშურებს.

“Emily in Paris” იმ სერიალებს მიეკუთვნება, რომლებმაც ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცე გამოსვლიდან პირველივე კვირებში დაიპყრეს. ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ემილი კუპერის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამდროისათვის, Netflix -ზე შოუს ოთხი სეზონია გამოსული. სერიალის მეოთხე სეზონი 10 ეპიზოდს აერთიანებს, პირველი ნაწილის პრემიერა 15 აგვისტოს შედგა, ხოლო მეორე ნაწილის – 12 სექტემბერს.

ერთი შეხედვით პროგნოზირებადი სეზონი, სერიალის შემქმნელებმა, საკმაოდ დიდი ინტრიგით დაასრულეს. საქმე იმაშია, რომ მეოთხე სეზონის ფინალში, ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ფრანგული სააგენტო, რომელშიც მთავარი გმირი, ემილი კუპერი მუშაობს, ახალ ფილიალს რომში ხსნის, რომელსაც სწორედ ემილიმ უნდა უხელმძღვანელოს. გამომდინარე აქედან, გაჩნდა კითხვები, თუ რომელ ქალაქში განვითარდება მოვლენები სერიალის მომდევნო სეზონში. სიუჟეტის ამგვარ განვითარებას მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაც.

კადრი Emily in Paris-ის მეოთხე სეზონიდან

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეოთხე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, ემანუელის მეუღლე და საფრანგეთის პირველი ლედი – ბრიჟიტ მაკრონიც მონაწილეობს. მისი სცენა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ პირველი ლედის სერიალში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს შოუს პოპულარობის მასშტაბებს საფრანგეთში და არა მხოლოდ.