Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე არაერთი ინფლუენსერი გვინახავს, განსაკუთრებით კი, 2019, 2021 და 2022 წლებში.
2021 წელს, YouTube-მა დერეკ ბლასბერგის დახმარებით, Met Gala-ზე მაგიდა დაჯავშნა, რის შედეგადაც სტუმრებს შორის NikkieTutorials, ჯეკი აინა, ჯეიმს ჩარლზი და სხვები ვიხილეთ. ხოლო როდესაც საღამოს სპონსორებს შორის TikTok აღმოჩნდა, სტუმართა სიას პლატფორმის მეგა-ვარსკვლავები ჩარლი დამელიო და ედისონ რეი შეუერთდნენ.
ამას ანა ვინტურის მისამართით ინტერნეტში დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ანა ვინტური თავად ადგენს სტუმართა სიას და მისი დასტურის გარეშე გაყიდულ მაგიდებზეც კი ვერავინ მოხვდება. Met Gala კი, მოდის ინსაიდერებისთვის თუ მოყვარულებისთვის, წლის ყველაზე დიდი მოდური მოვლენაა, რომელზე მოხვედრაც მოდაში, კინემატოგრაფიასა თუ მუსიკალურ სამყაროში, გარკვეული წარმატება უნდა უძღვოდეს წინ.
ყველას გასაკვირად, 2024 წლის Met Gala-ს სტუმრებს შორის მხოლოდ ერთი დიდი ინფლუენსერი გამოჩნდა: ემა ჩემბერლენი. YouTube-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი მოდურ ღონისძიებას არა ერთხელ დასწრებია, მეტიც, ის YouTube-ისთვის ვარსკვლავების ინტერვიუებს წერდა წითელ ხალიჩაზე. წელს ჩემბერლენს Jean Paul Gaultier-ის გოთიკური სტილის კაბა ეცვა, რომელიც ფრანგმა დიზაინერმა სპეციალურად მისთვის შექმნა.
სხვა ინფლუენსერებს რაც შეეხება, ვიხილეთ TikTok-ის რამდენიმე კრეატორი, მათ შორის Wisdom Kaye, Reece Feldman და Estefania Pessoa. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი არ არის სენსაციური თუ ვირუსული კონტენტის ავტორი, არ ჰყავთ ასობით მილიონი გამომწერი, ან/და მათი კონტენტი არ სცდება მოდის ინდუსტრიის თემატიკას. შესაძლოა, ვინტურის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან კრიტიკას მოჰყვა, თუმცა ასევე შესაძლო მიზეზი ინფლუენსერების არარელევანტურობაა. მიზეზი, რომ TikTok-ისა თუ YouTube-ის დიდი კრეატორების პოპულარობის პიკმა გადაიარა, უფრო რეალურია თუ გავითვალისწინებთ შუ ჟი ჩიუს მნიშვნელოვან როლს წლევანდელ Met Gala-ზე; TikTok-ის გენერალური დირექტორი საღამოს საპატიო თავმჯდომარე იყო. შეგახსენებთ, რომ წელს შეერთებული შტატების სენატმა TikTok-ის გამოყენება ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.