ფრანგულმა კომპანიამ, Lancôme-მა გასულ ხუთშაბათს ახალი სახე დაასახელა – ამერიკელი იუთუბერი ემა ჩემბერლინი. ემასა და ლანკომის თანამშრომლობა YouTube-ის სერიებით დაიწყება.
ახალ როლში, ემა ბრენდის შესახებ “ცნობადობას აწევს, ისაუბრებს სილამაზის ინდუსტრიის პოზიტიურ და ძლიერ მხარეებზე,” ნათქვამია ლანკომის განცხადებაში. ემას იუთუბის სერიების სახელი უკვე ცნობილია, “How do you say beauty in French”/”როგორ ითქმის სილამაზე ფრანგულად”.

სერიებში ჩემბერლენი საკუთარ იმიჯზე, გამოცდილებაზე სილამაზის ინდუსტრიაში, სილამაზის აღქმასა და სხვა თემებზე ისაუბრებს, ამავდროულად ლანკომის კანის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკას გაგვაცნობს. სერიები ლანკომის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ინტერნეტსივრცეში მეტი კონტენტის შექმნას მოიცავს.
“მოხარული ვარ, რომ ემა ლანკომის ოჯახის წევრი გახდა. გარდა იმისა, რომ ემას თავისი ასაკისთვის უდიდესი მიღწევები აქვს, ის ახალი თაობისთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. ვაფასებ მის იუმორს და გულწრფელობას, რომლებითაც ის სერიოზულ თემებს განიხილავს.” განაცხადა ფრანსუა ლემანმა, ლანკომის საერთაშორისო პრეზიდენტმა.


ემა ჩემბერლენი თანამედროვე კონტენტ-კრეატორია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიგო. მან იუთუბ არხი სულ რაღაც 16 წლის ასაკში შექმნა, ხოლო ახლა მას საკუთარი პოდკასტი “Anything Goes with Emma Chamberlain” აქვს, სადაც ის აგრძელებს მოღვაწეობას. 2021 წელს პოდკასტი People’s Choice-ის გამარჯვებული გახდა, ამავე წელს ის ფორბსის 30 under 30 – Social Media სიაშიც მოხვდა. ემამ 2020 წელს ბიზნესიც წამოიწყო, ‘Chamberlain Coffee’ შესაბამისად ყავას აწარმოებს და სოციალურ ქსელებში უკვე 30+ მილიონი გამომწერი ჰყავს.

ჩემბერლენმა ლანკომთან თანამშრომლობაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა; “სილამაზის მიმართ ყოველთვის ჩემებური დამოკიდებულება მქონდა და ამიტომ, არასდროს ვცდილობდი საკუთარი თავის საყოველთაო სტანდარტებზე მორგებას. ეს ბუნებრივად მოხდა, რადგან მე მიყვარს, როდესაც კარგად გამოვიყურები, თუმცა კომფორტი ჩემთვის უპირველესია. უდიდესი პატივია ლანკომთან მუშაობა და ის, რომ მათ დაინახეს და დააფასეს ჩემი ხასიათი.”