21 ოქტომბერს Cryptograph-ის საიტზე ონლაინ აუქციონი მოეწყობა, რომელზეც ფოტოგრაფ Ellen von Unwerth-ის გადაღებული კლაუდია შიფერის, ქეით მოსისა და ნაომი ქემბელის ფოტოების NFT-ების სახით შეძენა იქნება შესაძლებელი. 

NFT ე.წ. არაჩანაცვლებადი ტოკენია, რომელიც ციფრული ფაილების უნიკალური ბაზის შეძენის საშუალებას იძლევა. ის შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია – იქნება ეს ნახატი, მუსიკა, სრულიად აბსურდული იდეა თუ სხვა რამ. NFT (Non-fungible token) უნიკალური საკუთრებაა, რომელსაც ვერაფერში გაცვლი და შეიძლება ღირდეს ნებისმიერი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოწყობილობებიდან სასურველი რამის დაკოპირება უმარტივესად შეგვიძლია, ეს მის ავტორიზებულ მფლობელად არ გვაქცევს, რაც რეალურად არის ის, რასაც NFT გვპირდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ელენი ციფრულ სახელოვნებო სამყაროში თავის შემოქმედებას ამ ფორმით წარადგენს.

აუქციონზე შეთავაზებული იქნება კლაუდიას 1988 და 1989, ქეითის 1995 და ნაომის 1991 და 1995 წლებში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ფილანტროპულ მიზნებს მოხმარდება. თანხა UNICEF-ს და ნაომი ქემბელის საქველმოქმედო ორგანიზაცია Fashion for Relief-ს გადაერიცხება.