რა ხდის სამოსს გამორჩეულს? რა კრიტერიუმების მიხედვით ვამბობთ, რომ კონკრეტული ბრენდისა, თუ დიზაინერის კოსტიუმი ერთდროულად არის შემდგარი, როგორც ვიზუალურად, ასევე – პრაქტიკულობის გათვალისწინებით. მოდის სამყაროში არსებობს ამის შეფასების როგორც უცვლელი წესები, ასევე თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით დამკვიდრებული კრიტერიუმები. ტანსაცმლის შეფასებისას, პირველ რიგში, ჩვენს ყურადღებას ვიზუალი იქცევს – ფერები, სილუეტები, ორიგინალური დიზაინი, რომელიც განმეორებად მოდელებსაც კი უნიკალურად აქცევს. ვიზუალს თავისთავად მნიშვნელოვნად განაპირობებს ხარისხი და მოდელის აგებულება.
ამ ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გამოჩნდა გამორჩეულად ხარისხიანი ბრენდი – Elisheva, რომლის შესახებაც დეტალურად ამ სტატიაში მოგიყვებით.

თუკი ბრენდის სოციალური მედიის არხებს ესტუმრებით და მათ ფოტო კამპანიებს ნახავთ, თვალში მაშინვე მოგხვდებათ ე.წ. Quiet Luxury ესთეტიკა, რომელიც დღესდღეობით დიზაინში ყველაზე დახვეწილ მიმართულებად მიიჩნევა. დიზაინში ვერ ნახავთ ლოგოებს, რომლითაც ბრენდი თავისი ხელწერის დამკვიდრებას ცდილობს. ის, რაც Elisheva-ს გამოარჩევს, არის გამოკვეთილი, არქიტექტურული სილუეტები, სადა ფერები და მინიმალისტური დიზაინი. ამ ყველაფრის მიღმა კი მასალის მაღალ ხარისხს აუცილებლად შეამჩნევთ.


ბრენდის დამფუძნებელი ნათია ხახიაშვილია, რომელმაც მოდის სიყვარული, დიზაინის შექმნის ნიჭი და მომხმარებლის საჭიროებები ერთმანეთთან გააერთიანა და გადაწყვიტა, შეექმნა სამოსის ისეთი ხაზი, როგორსაც თავისი გარდერობისათვის მუდმივად ეძებდა.
ბრენდის შექმნის პირველივე დღიდან ხედვა იმ ადამიანის ინდივიდუალიზმის გამოხატვა იყო, რომელიც ამ სამოსს ირჩევს. “ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა შემექმნა ტანსაცმელი, რომელიც სარკისებურად ირეკლავს მფლობელს.” – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას.
ნათია ხახიაშვილი: “Elisheva-ს შექმნის იდეა ბევრი წლის წინ დაიბადა. ყველაფერი მარტივი, მაგრამ ღრმა შთაგონებით დაიწყო. მჯერა, რომ ყველა ჭეშმარიტი მისწრაფება ბავშვობაში იბადება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ადრეულ ასაკში, როცა ტანსაცმელს ვყიდულობდი, იმ თვალით ვაფასებდი, როგორ შევძლებდი მის გადაკეთებას. სამოსი ყოველთვის იყო ჩემი თვითგამოხატვის საშუალება. ზრდასრულობაშიც საკუთარ ტანსაცმელს ხშირად ჩემი დიზაინით ვაკერინებდი. გარშემომყოფები მუდამ ინტერესდებოდნენ, რა ბრენდი მეცვა და როცა იგებდნენ, რომ ჩემი დიზაინია, მირჩევდნენ, რომ საკუთარი ბრენდი შემექმნა.”

ბრენდის ფილოსოფია აგებულია სადა, მინიმალისტურ ფორმებზე, ერთი შეხედვით მკაცრ სილუეტზე, რომელიც თავისი წახნაგოვანი ფორმებით მფლობელს არათუ ჩარჩოში აქცევს, პირიქით – ათავისუფლებს. სწორად შერჩეულ სამოსს აქვს ძალა, ტარებისას თავდაჯერება მოგვანიჭოს და კომფორტი გვაგრძნობინოს. დახვეწილი დიზაინით Elisheva მფლობელს სწორედ ამ შინაგან თავისუფლებას სჩუქნის.
საინტერესოა ისიც, რომ Elisheva-ს იდენტობას გარკვეული ისტორიულ-კულტურული კონტექსტი აქვს. ის ქართულ-ებრაულ კულტურაზე დგას. დიზაინი თვისი სილუეტებითა და მკერვალებით, მებრძოლი, მტკიცე ხასიათის გამოძახილია, რომელიც ისტორიულად ჩვენი ერის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა და რამაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა საქართველოს კულტურის, თუ ცხოვრების სტილის განვითარება და რაც დღემდე მსოფლიოს ყურადღებას ასე იქცევს.


ამ ეტაპზე Elisheva-ს ხაზი მოიცავს შარვლებს, პიჯაკებს, კაბებს, პერანგებს. ბრენდის ერთიანი ესთეტიკის გამო, მოდელების ერთმანეთთან, ან სხვა ტანისამოსთან შეხამება მარტივია. ამ ტანსაცმლის ტარება შესაძლებელია, როგორც ოფიციალურ და რუტინულ, ისე გამოსასვლელ გარემოებებში. მაგალითად პიჯაკის ჯინსთან შეხამებისას, ის ყოველდღიური ლუქი შეგიძლიათ შექმნათ, ხოლო კლასიკურ შარვალთან, ან კაბასთან ერთად, ის განსაკუთრებული საღამოების იმიჯის ნაწილია.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ Elisheva ერთდროულად არის ფემინური და ანდროგენული, ახალგაზრდული და დახვეწილი, გაბედული და ზომიერების შეგრძნების მატარებელი, კლასიკური და ინოვაციური. “Elisheva არანაირ ასაკობრივ ცენზს არ ემორჩილება. ამ ტანსაცმელში საკუთარი თავის პოვნა, თინეიჯერსაც შეუძლია, შუა ხნის ქალსაც და ხანშიშესულსაც.”- ამბობს ნათია ხახიაშვილი.

აუცილებელია განსაკუთრებულად ყურადღება გავამახვილოთ ხარისხზე, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებს, არამედ ეკომეგობრული ფაქტორის მატარებელიც არის. თითოეული მოდელი 100%-ით ნატურალური, უმაღლესი და ლიმიტირებულად წარმოებული ქსოვილებით იქმნება, რომელიც გარემოსათვის მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე ამცირებს.
“ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემმა სიამოვნებამ დამატებითი წვლილი არ შეიტანოს ეკოსისტემის დაზიანებაში, რომელსაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. სწრაფი მოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, პლანეტას უზარმაზარ ზიანს აყენებს. ჩემი უპირველესი მიზანია ეკომეგობრული, მდგრადი მოდის განვითარებაში საკუთარი აგური დავდო. სწორედ ამ კრიტერიუმების და ფასეულობების გათვალისწინებით ვარჩევთ მატერიას, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.” – აღნიშნავს Elisheva-ს დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას.


ამ დეტალების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Elisheva არა მხოლოდ სტილის შეგრძნებით გამორჩეული, არამედ ცნობიერი მომხმარებლისთვის იქმნება.
Elisheva-ს შეძენა დათვალიერება ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე შეგიძლიათ: @ElishevaOfficial.
ფოტო: @levan_leko_tchkonia