ელი სააბი იმ დიზაინერების რიგებს მიეკუთვნება, რომელთა კაბის ტარებაზე ერთხელ მაინც, ყველა ქალს უოცნებია. ლიბანელი დიზაინერი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც საღამოს კაბებისა და წითელი ხალიჩის მეფეს, მოდის ინდუსტრიაში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. უკვე 45 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მოდამ სააბი გაიცნო. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად დიზაინერმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გრანდიოზული შოუ მოაწყო. შოუ მსახიობმა ჰალი ბერიმ ელი სააბის ცნობილი კაბით გახსნა. ეს ძალიან სიმბოლური და ემოციური მომენტი იყო, რადგან სწორედ ეს კაბა ეცვა ჰალი ბერის 2002 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ჰალი ბერი იყო ჰოლივუდის პირველი ვარსკვლავი, რომელმაც კინო ინდუსტრიაში წლის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენის წითელ ხალიჩაზე Elie Saab ჩაიცვა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ოსკარის 2002 წლის დაჯილდოებაზე, მსახიობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ერთმა გარემოებამ განაპირობა. სწორედ ამ წლის დაჯილდოებაზე ჰალი ბერი პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, რომელმაც ამერიკის კინო აკადემიის უდიდესი ჯილდო მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო. ეს ისტორიული მომენტი მოექცა ყველა წამყვანი გამოცემის და ტელევიზიის მთავარ სიახლეებში, რამაც ელი სააბს ნებისმიერი დიზაინერისთვის საოცნებო ყურადღება მოუტანა. კაბამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ დასავლურ კულტურაში, სააბის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

კამილა კაბეიო, სელინ დიონი, ელი სააბი, ჯენიფერ ლოპესი და ჰალი ბერი Elie Saab-ის 45 წლის საიუბილეო შოუზე

ჰალი ბერის პოდიუმზე გამოჩენა არ ყოფილა ერ-რიადში გამართული შოუს ერთადერთი ვარსკვლავური ან/დაც ემოციური მომენტი. შოუს ერთ-ერთი პერფორმერი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შეასრულა რამდენიმე ჰიტი, მათ შორის: Let’s Get Loud, On The Floor, Waiting for Tonight და ა.შ. ფინალურ ნაწილში, პოდიუმზე ლეგენდარული მუსიკოსი – სელინ დიონიც გამოჩნდა, რომელმაც შოუ ემოციურ ნოტაზე დაასრულა. ელი სააბის ოქროსფერ კაბაში შემოსილმა დიონმა შეასრულა სიმღერები: The Power of Love და I’m Alive.

დიზაინერმა ერთსაათიან შოუში 300 კუტიურ კოსტიუმი წარადგინა, კოლექციის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ სუპერმოდელები: ადრიანა ლიმა, ქენდის სვანეპოლი, ევა ჰერციგოვა, ჯორდან დანი, სტელა მაქსველი და ა.შ.

იხილეთ Elie Saab-ის 45 წლის საიუბილეო შოუ: