Paper Magazine-ის ახალ ყდაზე სოციალური მედიის ინფლუენსერი, მუსიკოსი ან ჯენ-ზის აიქონი არ არის. ყდაზე მოდის ჟურნალის 50 წლის რედაქტორია, ის ფოტოზე გუჩის კლასიკურ, შავ პიჯაკში პოზირებს, ფართო ღიმილით.

ჟურნალმა ბრიტანული ვოგის მთავარ რედაქტორს, ედვარდ ენინფულს გამოცემა მიუძღვნა სლოგანით „ეს ედვარდის ერაა“. მეორე ყდაზე ენინფული მოდელებთან – მის მუზებთან ერთადაა; ჯორდან დანი, ირინა შეიკი, ადუთ აკეჩი, ლაილა მოსი, კარენ ელსონი და კრისტენ მაკმენამი. აღსანიშნავია, რომ კრისტენს ყდაზე ქართული ბრენდის, Mach&Mach-ის ფეხსაცმელი აცვია.

ინტერვიუ ედვარდმა დიდი ხნის მეგობართან, სუპერმოდელ ლინდა ევანჯელისტასთან ჩაწერა, რომელიც 2022 წელს სექტემბერში, ბრიტანული ვოგის ყდაზე ვიხილეთ.

Paper-ისთვის ედვარდი საინტერესო არჩევანია, ავანგარდულ ჟურნალზე ედვარდისნაირი „ტრადიციული“ პროფესიის მქონე ადამიანის ხილვა უჩვეულოა. ენინფული განაში დაიბადა, ლონდონში მშობლებთან ერთად გადავიდა, ვოგის გამომცემელ Condé Nast-ში პირველი ნაბიჯები კი, ამერიკული ვოგის კონტრიბუტორ სტილისტად მუშაობით გადადგა. 2017 წელს, ის ბრიტანული ვოგის მთავარ რედაქტორად დაინიშნა. მომდევნო წლის განმავლობაში, ედვარდმა არაერთი პრეცედენტული გარეკანი შექმნა. მაგალითად, მან რიანა ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომერზე დაბეჭდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემის ყდაზე შავკანიანი ქალი მოხვდა. იმავე წელს ედვარდმა კიდევ ერთი ისტორიული ყდა შექმნა – ჰალიმა ადენი პირველი ჰიჯაბიანი მოდელი გახდა ვოგის ყდაზე.

იხილეთ ყდა და ედითორიალი:

[ფოტოგრაფი: ნიკ ნაითი

სტილისტი: დენა განინი

თმის სტილისტი: სემ მაკნაითი

ვიზაჟისტი: ლორა დომინიკი]