“ვოგში” ედვარდ ენინფული ახალ, გლობალურ როლს შეითავსებს. Condé Nast-ში გავლენიანი რედაქტორის დაწინაურების გადაწყვეტილების მიღების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ის “ვოგში” კრეატიული და კულტურული მრჩეველი იქნება. გარდა ამისა, ბრიტანული “ვოგის” სარედაქციო მრჩევლის პოზიციასაც დაიკავებს.
WWD-ს ცნობით, პარასკევს ენინფულმა ლონდონში თავის პერსონალს აცნობა, რომ დაწინაურება Condé Nast-ის აღმასრულებელ დირექტორს, როჯერ ლინჩს, და ანა ვინტურს შორის გამართული დისკუსიის შედეგია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას “Vogue-ს გლობალურად განვითარებაში უფრო დიდი როლის თამაში.”
ედვარდ ენინფული / ფოტო: მერთი & მარკუსი
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვანი დაწინაურებით ორგანიზაციული სტრუქტურა არ იცვლება და ენინფული კვლავ პასუხისმგებელი იქნება ვინტურის წინაშე, რომელიც ამერიკული “ვოგის” მთავარი რედაქტორი და Condé Nast-ის კონტენტის გლობალური ხელმძღვანელია.
ენინფული ახალი ვალდებულებების შესრულებას 2024 წლიდან შეუდგება მას შემდეგ, რაც ბრიტანულ “ვოგში” დაკავებულ მთავარი რედაქტორის პოსტს დატოვებს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა, 2020 წელს კი მთავარ რედაქტორთან ერთად, “ვოგის” ევროპული გამოცემების სარედაქციო დირექტორიც გახდა.