“ვოგის” ბრიტანული გამოცემის მთავარი რედაქტორი 2024 წლის Powerlist-ის მიერ ბრიტანეთში ყველაზე გავლენიან პიროვნებად დასახელდა. ედვარდ ენინფულის გარდა, სიაში ასევე ვხვდებით: Dragon’s Den-ის ვარსკვლავ და პოდკასტის წამყვან სტივენ ბარლეტს, კომიკოს მო გილიგანს, ანტრეპრენერ პატრიცია ბრაითს და მსახიობ შუტი გატვას.
ენინფული აღნიშნულ სიახლეს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ამ აღიარებას პატივად მიიჩნევს და მიღებულ ჯილდოს მომავალ თაობას უძღვნის.
ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ენინფული Vogue-ში სხვა თანამდებობაზე ინიშნებოდა და მას ახალი, გლობალური როლი ერგებოდა. შედეგად, 2024 წლიდან ის “ვოგში” კრეატიული და კულტურული მრჩეველი იქნება. გარდა ამისა, ბრიტანული “ვოგის” სარედაქციო მრჩევლის პოზიციასაც დაიკავებს.
ენინფულმა ბრიტანული “ვოგის” მთავარი რედაქტორის პოსტი 2017 წლის აგვისტოში დაიკავა და პირველი შავკანიანი გახდა, რომელიც ამ პოზიციაზე დაინიშნა. 2020 წელს ის მთავარ რედაქტორთან ერთად, “ვოგის” ევროპული გამოცემების სარედაქციო დირექტორიც გახდა.
ივლისში ენინფულმა Instagram-ზე თავის 1.5 მილიონ მიმდევარს აცნობა, რომ მისი მთავარი რედაქტორობით ბრიტანული Vogue კიდევ შვიდი თვის განმავლობაში გამოიცემოდა, ბოლო კი 2024 წლის მარტის თვის ნომერი იქნებოდა.