ამერიკული ბიუთი მას-ბრენდი E.L.F. Cosmetics ახალ ეტაპზე გადავიდა – 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე კომპანიის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით, ეს 77%-იანი ნახტომია. WWD ასევე ადასტურებს, რომ E.L.F მექსიკაში ფართოვდება Sephora-სთან პირველი თანამშრომლობის სახით. აღშანიშნავია, რომ E.L.F. პირველი არა ლუქს (და არა სელებრითული) ბრენდია, რომლის მაკიაჟის სრული ასორტიმენტიც სეფორას მაღაზიათა ქსელებში გამოჩნდება.
ტარანგ ამინი, E.L.F. Cosmetics-ის ერთ-ერთი თავმჯდომარე WWD-სთან ადასტურებს, რომ E.L.F.-მა შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში L’Oréal Paris-ისა და Maybelline-ის გაყიდვების გადაჭარბება, “მეტიც, ჩვენი ყველაზე დიდი ხნის პარტნიორის, Target-ის [ამავე კატეგორიის] გაყიდვებში ჩვენი პროდუქცია 23%-ს შეადგენს,” ამბობს ამინი. გასული წლის ოქტომბერში, E.L.F.-მა ხელმისაწვდომი ლუქს კანის მოვლის კომპანია Naturium-ი შეისყიდა, რაც მიუთითებს ბიუთი სექტორში გაფართოვებაზე, skincare მიმართულებით.
ხელმისაწვდომი ბრენდების წარმატებასა და ლაქშერი სექტორის კრიზისს სპეციალისტები რეცესიას უკავშირებენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ E.L.F. ცნობილია ე.წ. “დუბლიკატი” პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც, ორიგინალ პროდუქტებთან შედარებით ბევრად დაბალი ფასის კატეგორიაში არიან. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების თქმით, მათი ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ლუქს ბრენდებს. გვერდს ვერ ავუვლით ბრენდის გენიალურ კამპანიებს TikTok-ზეც, რომლის მეშვეობითაც პროდუქციას უამრავი ადამიანი იცნობს.